საქალაქო სასამართლო

ჯოზეფ ქეის ჩვენება უგულავას საქმეზე მოსამართლემ მტკიცებულებად არ დაუშვა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ჯოზეფ ქეის 2013 წლის 15 თებერვლის ჩვენება, მტკიცებულებად არ დაუშვა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ჩვენება თურქეთში, საქართველოს საკონსულოში კანონდარღვევით ჩაიწერა, რადგან საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, საკონსულო საქართველოს ტერიტორიას არ წარმოადგენს და მასზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება.

მოსამართლემ ჯოზეფ ქეისა და ფორექს ლიმიტედს შორის 2008 წელს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაც დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია.

სასამართლო პროცესზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც მოსამართლე უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს.

შეგახსენებთ, პროკურატურა დედაქალაქის მერს გიგი უგულავას და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია იმედისა და შპს თბილსერვისჯგუფის ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

კომენტარები