დაკავებები

მარგველაშვილი საკუთარი მოადგილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

"ჩემი ფუნქცია არ არის, პოლიტიკურ კომენტარებზე გავაკეთო კომენტარი", - ამგვარ განცხადებას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საკუთარი მოადგილის, დავით ზურაბიშვილის კრიტიკაზე, მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავების პროცედურებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი გაზეთ ვერსიასთან აცხადებს, რომ დაკავების ფორმა აბსოლუტურად უაზრო იყო, რამაც საქმე გააფუჭა და მერიის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული გადაფარა.

"ამ ეტაპზე ჩვენთვის დაჭერაზე მნიშვნელოვანი დაკავების ფორმაა და თუ ვიფიქრებთ, რომ მთავარი ვიღაცის დაკავებაა და კანონის ნორმების დაცვა მეორეხარისხოვანია, მერწმუნეთ, მალე ნაციონალური მოძრაობის გზას დავადგებით, ამიტომ აუცილებელია, დაისაჯოს ის, ვინც ეს გააკეთა", - თქვა ზურაბიშვილმა.

მარგველაშვილის განცხადებით, კომპეტენტური ორგანოები დადებენ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა დარღვევა აყვანის პროცესში, ან სხვა პროცესებში, რომელიც სამართალდამცავებმა განახორციელეს. მანამდე კი ამ თემაზე კომენტარი არაკვალიფიციურად მიაჩნია.

"შემიძლია გიპასუხოთ უბრალოდ პოლიტიკურად. ნათლად გამოჩნდა, რომ ის ბრალდებები, რომელიც იყო პოლიტიკურ კონტროლთან დაკავშირებით, არის აბსურდული. რუსთავის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც აჩვენა, რომ სასამართლოზე კონტროლი არ ხორციელდება", - აცხადებს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი.

კომენტარები