ადგილობრივი თვითმმართველობა

რუსთავში მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

kyivpost.com

რუსთავის რაიონულ სასამართლოში დედაქალაქის თვითმმართველობის მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ 4 დაკავებული თანამდებობის პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. დაცვის მხარემ მერიის წარმომადგენელთა გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა ბრალდების მხარის წარმომადგელების აცილების შუამდგომლობაც, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესს ესწრებიან მერიისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, პროცესზე იმყოფება თბილისის მერიც, გიგი უგულავაც იმყოფება.

გიგი უგულავასთვის გაუგებარია, რატომ მიიღო ხელისუფლება გადაწყვეტილება, სასამართლო პროცესი რუსთავის რაიონულ სასამართლოში ჩატარებულიყო.

"თბილისის მერიის თანამშრომლები, რომელთაც თბილისში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რა სამართლებრივი ხრიკებით უნდა მოხვედრილიყვნენ რუსთავში? ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ უკანონობის ჯაჭვის, რომელიც აქამდე ამ პირების მიმართ მიდიოდა. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე და არასწორი სამართლებრივი კაზუსის შექმნას ცდილობს პროკურატურა. მე გუშინ მოვისმინე პროკურორის მოადგილის კომენტარი, რომ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა სასამართლოს თბილისიდან რუსთავში გადმოტანა. ამ ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, კიდევ უფრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, ალბათ მესტიის სასამართლოში აღმოვჩნდეთ. ეს უვკე სამართლებრივი დაცინვაა. უსუსურია არგუმენტი, რომ თბილისის საგამოძიებო სამსახურს ააცილეს საქმე და ამიტომ რუსთავის საგამოძიებო სამსახურმა უნდა გადაიბაროს  სამართლიანობის აღდგენის ოლიმპიური ცეცხლი და ამიტომ აქ მოვხვდით, რუსთავის სასამართლოში. ეს კიდევ უფრო გაუგებარია, რადგან აცილება ეხება უწყებას, ფინანსურ პოლიციას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და ის უნდა წაეღო გენერალურ პროკურატურას და შესაბამისად ქვემდებარეობა უნდა დარჩენილიყო თბილისში.” - განაცხადა გიგი უგულავამ.

გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნული საქმის რუსთავის რაიონული სასამართლოსთვის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც საგანგებო ბრიფინგისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, ხელისუფლება სამართლებრივი ხრიკებითა და მაქინაციებით ცდილობს სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს.  

 ”ყველას კარგად მოეხსენება, რომ გუშინწინ დილას, საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნები, როგორც პოლიტიკური, ისე არაპოლიტიკური თანამდებობის პირები, უკანონოდ დააკავეს. ატარეს თბილისის ქუჩებსა თუ ფინანსთა სამინისტროს შენობაში და შემდეგ გაათავისუფლეს გაურკვეველი მოტივითა და მიზეზით. შესაბამისად, ადვოკატს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა, რომ საქმე ასცილებოდა უკანონობის ჩამდენ უწყებას, ფინანსურ პოლიციას და გამოძიებისთვის საჭირო მასალები და საქმე წაეღო საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა გამოეძიებინა მისი ქვემდგომი და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ფინანსური პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ადვოკატის მხრიდან შევიდა ასეთი შუამდგომლობა, თუმცა ხელისუფლებამ და პროკურატურამ მიიღო აბსოლუტურად გაუგონარი გადაწყვეტილება, რასაც უცოდინრობაზე მეტად სამართლებრივი მაქინაციის ნიშნები აქვს. საქმე, ნაცვლად იმისა რომ ფინანსურ პოლიციას საერთოდ ჩამორთმეოდა და გადასცემოდა მთავარ პროკურატურას, გადაეცა ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის სამმართველოს. შესაბამისად, საქმე ავტომატურ რეჟიმში, ქვემდებარების პრინციპით უნდა განიხილოს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვინაიდან გვახსოვს რა მოხდა ქუთაისის სასამართლოს შემთხვევაში, რომ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ძალიან აქტიური ზეწოლა რუსთავის რაიონულ სასამართლოზე, რომ მერიის თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ უკვე უნდა ჩაინიშნოს. ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება შეწყვეტს სამართლებრივი ხრიკებითა და სრულიად ცალსახა უკანონობის გამოყენებით ზეწოლას სასამართლოზე და მანიპულირებას საკუთარ საგამოძიებო ორგანოებზე”, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

 

კომენტარები