საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი თვითმმართველობის მაღალჩინოსანთა დაკავებას შეისწავლის

facebook.com/UchaNanuashvili

საქართველოს სახალხო დამცველი დედაქალაქის თვითმმართველობის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ომბუდსმენის თქმით, 2013 წლის 27 ივნისს "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, მან საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წარმოება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. 

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დაკავებული 24 ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდა კანონის უხეში დარღვევა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეები დაიკითხნენ მოწმის სახით.

"საქართველოს სახალხო დამცველი ლეგიტიმურად სვამს კითხვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მისამართით: რატომ არ მოხდა ზემოხსენებული პირების დაბარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით; რატომ არ მოხდა შესაბამისი შეტყობინება საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით; რატომ არ განემარტათ მოწმის სტატუსი და შესაბამისი უფლება-მოვალეობები; რატომ მოხდა აღნიშნული პირების საგამოძიებო სამსახურში ხელბორკილების გამოყენებით გადაყვანა და თუკი არსებობდა მოწმეების იძულებით მიყვანის აუცილებლობა, გაცემული იყო თუ არა მოსამართლის შესაბამისი ბრძანებები. საქართველოს სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლის ყველა გარემოებას, გამოიკვლევს არსებულ დეტალებს და საბოლოო შეფასების შემდეგ განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ასევე, გატარებული საქმიანობისა და მიღებული შედეგების შესახებ ამცნობს საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები