NATO-საქართველო

ივანიშვილი: MAP-თან დაკავშირებით საკითხს ასე პრინციპულად არ ვაყენებთ

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

"MAP-ი არ არის ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენ ახალი სამიზნე გავაკეთოთ და შემდგომ ასე ჩაიწერება თუ სხვანაირად, ამაზე პოლემიკა ავწიოთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა 26 ივნისს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან, შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

"რაც შეეხება MAP-ს, ჩვენ ასე პრინციპულად არ ვაყენებთ საკითხს. დაველოდებით - NATO-ს წევრი ქვეყნები, ალიანსი განიხილავს შიგნით. ჩვენ შევხედავთ რა რეალური ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას საქართველოსთან მიმართებაში, რა იქნება რეალისტური და იმაზე გავაკეთებთ აქცენტებს. დღესაც გვქონდა საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ეს არ არის პრინციპული და MAP-ის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული NATO-ში. ამის მაგალითებიც არსებობს და MAP-ი არ არის ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენ ახალი სამიზნე გავაკეთოთ და შემდგომ ასე ჩაიწერება თუ სხვანაირად, ამაზე პოლემიკა ავწიოთ. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად პროგრესს მივაღწევთ და გენერალურმა მდივანმა ამაზე ისაუბრა. მაგრამ არ უნდა დავწვრილმანდეთ და ტერმინებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ნაადრევად. შევხედავთ, რაც რეალისტურია, როგორც მოსახერხებელი იქნება და რაც საჭირო იქნება გაისისთვის და ამ ეტაპზეც, ჩვენ იმ პროგრესს მივიღებთ. MAP-ი ნუ იქნება პროგრესის ერთადერთი ელემენტი", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, 30 აპრილს ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიზნად დაისახა NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება 2014 წელს, ალიანსის მომდევნო სამიტზე.

"შემდეგ წელიწადს უნდა მოვახერხოთ და ძალიან მკვეთრი ნაბიჯი გადავდგათ და MAP-ი მაინც უნდა მივიღოთ. ალბათ, ამაზე მეტს მაინც ვერ მივიღებთ, მაგრამ MAP-ი ძალიან მკაცრად დავგეგმეთ, რომ შემდეგ წელს, როდესაც იქნება NATO-ს საბჭო, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გადავდგათ მძლავრი ნაბიჯი ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმინისტრმა შეიარაღებული ძალების 22 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები