პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: არ მინდა, სააკაშვილი დააკავონ, თუმცა გამორიცხული არაფერია

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრონ, მაგრამ "გამორიცხული არაფერია". ამის შესახებ პრემიერმა "სოფ შავუასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

"სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი პირი, ის თავად იღებდა გადაწყვეტილებებს. არ მინდა, რომ ის დააპატიმრონ, თუმცა გამორიცხული არაფერია. არსებობს პროკურატურა, სასამართლო და კანონი ყველასათვის ერთია. მე არ ვაპირებ მასთან მოლაპარაკებების წარმოებას. [...] სინამდვილეში, ის (მიხეილ სააკაშვილი) პატივს არ სცემდა საქართველოს კანონებს. ის ნიჭიერია, მან მოატყუა მთელი მსოფლიო. პირველები, ვინც მოატყუა, იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ის მოვიდა, როგორც დემოკრატი. მას ყველა მხარს უჭერდა, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ ის აშენებდა ავტორიტარულ რეჟიმს. ხელისუფლების ძალადობა მთელ ქვეყანას მოედო. მან დაშალა ოპოზიცია, ელიტური კორუფცია ყვაოდა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ ყველა კერძო ბიზნესი სრულიად ემორჩილებოდა მთავრობას, არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესები. საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა ხაზინის გამგებელი და ისინი ითვლიდნენ ფულს, რომელსაც იღებდნენ მოქალაქეებისა და ბიზნესმენებისგან. ის აკონტროლებდა მასმედიას, მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო თავისუფალი და ამას აჩვენებდა ის დასავლეთის წინაშე", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ხალხი მიხვდა, რომ ახალი მთავრობა კარგია და სააკაშვილის "ხალხი" არჩევნებამდე მობილიზებას ვერ შეძლებს.

 

კომენტარები