ლუქსემბურგის მინისტერიალი

პოლონეთის საგარეო მინისტრი: ჩვენ გვაღელვებს წინასწარი დაკავების მასშტაბები

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

"ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან - თუ მთავრობის კრიტიკას არ შეწყვეტენ, მათ წინააღმდეგ იარაღად პროკურატურას იყენებენ, ეს კი მიუღებელია ევროპული სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ასევე გვაღელვებს იმ ხალხის წინასწარი დაკავების მასშტაბები, რომელთაც ბრალი ამ დრომდე არ უმტკიცდებათ", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

"ახლა გადავდივართ საქართველოში მოვლენათა განვითარების დეტალური მონიტორინგის ეტაპზე. იმედს გამოვთქვამ, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, რომ ხელისუფლება შენიშვნას გაითვალისწინებს", - აღნიშნა სიკორსკიმ ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის მინისტერიალის მსვლელობისას საქართველოში ბოლო მოვლენების კომენტირებისას. 

მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობაა. ლიდერები პროგრამაში მონაწილე ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობას აფასებენ. ეს შეხვედრა ვილნიუსის სამიტისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხები უნდა გადაწყდეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებითაც გააკეთა. "რაც შეეხება ვიდეომასალებს, ის ადგილზე უნდა შეაფასონ დიპლომატებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ევროსაბჭომ და, თავის მხრივ, ევროკავშირმაც. დარწმუნებული ვარ, წინა მთავრობასაც აქვს საქმეები, რომელთა შესახებაც პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ ის მეთოდები და წესები, რომლითაც საქართველოში სამართალი მუშაობს, მის შესახებ აქ, ბრიუსელშიც და ლუქსემბურგშიც, აზრს აყალიბებს", - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

კომენტარები