წამების ამსახველი ვიდეოკადრები

პრეზიდენტი დარღვევების ჩამდენ ორ მთავარ ფიგურას ასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი შსს-ს მიერ, ე.წ. სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება.

"შსს-ს მიერ ბოლო დროს გავრცელებულ ფირებში, თუ ეს ფირები, რა თქმა უნდა, სიმართლეს შეესაბამება, არის ასახული ძალიან მძიმე დანაშაული და, რა თქმა უნდა, ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დასაჯონ", - აცხადებს სააკაშვილი. 

პრეზიდენტი წუხს, რომ მისი მთავრობის დროს სახელმწიფო სისტემაში "სადისტები და მოძალადეები" შეიპარნენ.

"ეს ყველაფერი არის ამაზრზენი, ბოლომდე დასაგმობი, კარგად გამოსაძიებელი და გამოსაკვლევი. ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ. ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის, რაც მანამდე იყო ჩვეულებრივი მოვლენა - ადამიანის ტანჯვა, წამება, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება, ძალდატანებით აღიარების მიღება. 
ჩვენი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში და ყველამ იცით, რომ ბოლო წლებში პოლიცია ძალიან შეიცვალა და ეჭვს არ იწვევეს, რომ იქ სიტუაცია იყო მთლიანობაში ძალიან გაუმჯობესებული. მაგრამ, ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას უბედურების და საზიზღრობის კუნძული. ყოველთვის შეიძლება შეიპარონ სადისტები და მოძალადეები. რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს. ამიტომ, ძალიან კონკრეტული მიდგომა უნდა იყოს ამ ხალხის მიმართ. მათ ხელი არ უნდა დააფარონ", - აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ორი დამრღვევის სახელს,"ვინმე ჩხატარაშვილსა და ლევან ქარდავას" ასახელებს.

"ორი მთავარი ფიგურა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი, ლევან ქარდავა, რომელიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვა შევარდნაძის მთავრობიდან, სამწუხაროდ, დავტოვეთ და ძველი ცოდვები, როგორც ჩანს, ჩამოაწერეს მას ჩვენ დროსაც. დღეს ორივე თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთანაც. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების, დღესდღეობით. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, გავიდეს ნაციონალური მოძრაობიდან და აქტიურად თანამშრომლობს დღევანდელ მთავრობასთან. ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროდ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. მე ამ ორ ადამიანს არ ვიცნობდი, არ ვიცოდი ვინ იყვნენ ამ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან, მივიღეთ ჩვენს მთავრობაში და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს. მაგრამ, მე ასევე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას - ამ ხალხს არც მილიონებს არ უნდა აძლევდნენ, როგორც, ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან ბინძური შეკვეთების შესრულებაში, იმის სანაცვლოდ, რომ თავის მიერ ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და ყველაფრიდან გამოვიდნენ გამდიდრებულები", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, "წარმოუდგენელი სადისტი და მოძალადე ბედუკაძე", პრაქტიკულად, გმირის სტატუსით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მთავარი პროკურორის მიერ - თუმცა ვიცით, რომ არ იყო მისი გადაწყვეტილება - გაშვებული იქნა გარეთ. პრაქტიკულად ჩამოეწერა ყველაფერი ის, რაც მან თავისი ნებით თუ ვიღაცის დაკვეთით გააკეთა. მე ვფქირობ, რომ ასეთ შემთხვევაში თუ სამართლიანობის აღდგენის ტერმინს გამოვიყენებთ, სამართლიანობის დადგენა უნდა იყოს ის, რომ ვინც ეს გააკეთა, კონკრეტული შემსრულებელი კონკრეტულად უნდა აგებდეს პასუხს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები