წამების ამსახველი ვიდეოკადრები

ბერძენიშვილი: თუ ვინმე მიიჩნევს, რომ კადრები უნდა ნახოს - უნდა ნახოს

ლევან ბერძენიშვილი
epn.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს, რომ იცნობს რა მიხეილ სააკაშვილის ბუნებას, არ სჯერა, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა რა ხდებოდა სისტემაში. ბერძენიშვილი სამეგრელოში აღმოჩენილ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველ ჩანაწერებს ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებელი მინისტრია, იმ პერიოდში კი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო.

"თუ მან იცოდა და მისი ბრძანებით კეთდებოდა ეს, დამნაშავეა. თუ არ იცოდა და მის ზურგს უკან კეთდებოდა, მაშინ ორგზის დამნაშავეა. მაგრამ, რაც მე გითხარით, ამ ყველაფერს დამტკიცება, სასამართლო და გამოძიება სჭირდება. ჩვენ შეიძლება ბევრი რამ ვთქვათ, მაგრამ დადასტურება სჭირდება ყველა სიტყვას და ყველა ბრალდებას. იმედი მაქვს, ეს დადასტურდება კიდეც", - აცხადებს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი შსს-ს მიერ, მედიის წარმომადგენლებისა და უფლებადამცველებისთვის აღმოჩენილი ვიდეომასალის ჩვენების ფაქტს და მათგან ზოგიერთის მხრიდან ჩვენების დაწყებამდე სამინისტროს დატოვების ფაქტსაც ეხმაურება:

"მათ მისცეს ამის ნახვის საშუალება. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ არ უნდა უყუროს - არ უნდა უყუროს, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უნდა ნახოს - უნდა ნახოს. თუ ვინმეს სჭირდება იმის გარკვევა, ვინ ჩადიოდა საქართველოში დანაშაულს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გაყალბებულია - უნდა ნახოს. ხოლო თუ ვინმემ ისედაც იცოდა რა ხდებოდა ქვეყანაში და ამდენ ხანს ხმას არ იღებდა, იმან არ უნდა ნახოს, მაგრამ ხმაც არ უნდა ამოიღოს ალბათ. შსს-მ მოიწვია მედია და უთხრა - გინდა შეხედეთ, გინდა არაო. რაც შეეხება იმას, რომ მსხვერპლი დაცული უნდა იყოს, ვინ დავობს ამაზე?! ხომ არ არის საუბარი, რომ უნდა გასაჯაროვდეს ეს მასალა?!.. უნდა დამტკიცდეს, რომ ნამდვილია, უნდა ვიპოვოთ მისი წარმომავლობა, უნდა ვიპოვოთ დამნაშავეები და მერე განადგურდეს. ამის შენახვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

კომენტარები