ფარული ჩანაწერები

ჟურნალისტების და არასამთავრობოების ნაწილმა შსს პროტესტის ნიშნად დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეომასალას აჩვენებენ. ჩვენების დაწყებამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ კახა კოჟორიძემ შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, ჩანაწერების დემონსტრირების ნაცვლად, მინისტრისგან სიტყვიერად მოესმინათ თუ რა ხდებოდა ვიდეოფირებზე, შემდეგ კი გამოძიებაზე, დამნაშავეების დასჯასა და გამოვლენაზე ემსჯელათ. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი ამ შეთავაზებას არ დაეთანხმა და იდეის ინიციატორებსა და მხარდამჭერებს ხმამაღალი შეძახილებით დაუპირისპირდა. მათ შორის აქტიურობდნენ ჟურნალისტები ირმა ინაშვილი, მალხაზ გულაშვილი, გიორგი კორკოტაშვილი და სხვები. კორკოტაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი სადისკუსიოდ არ იყვნენ მისულები.

ამის შემდეგ საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს. იმავე მოტივით დატოვა შეხვედრა ტაბულას ჟურნალისტმაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ ირაკლი ღარიბაშვილისგან ითხოვა დეტალური განმარტება, შესაძლებელი იყო თუ არა კადრებზე ასახული პერსონების იდენტიფიცირება, რაზეც მინისტრმა ცალსახა პასუხი ვერ გასცა და ჟურნალისტთან პოლემიკაში შევიდა. პაიჭაძემ პასუხად ის მიიღო მინისტრისგან, თუ რატომ არ ინტერესდებოდა ის 9 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევით. ჟურნალისტმა კი უპასუხა, რომ მინისტრს წარმოდგენა არ აქვს, თუ რას აკეთებდა ის 9 წლის განმავლობაში.

სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს და მისკენ ფიზიკურადაც იწევდნენ. განსაკუთრებული აგრესია მის მიმართ მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ გამოავლინა. დავით პაიჭაძემ და ეკა კვესიტაძემ შეხვედრა დატოვეს. ვიდეომასალის ჩვენების დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეხვედრა დატოვა ნეტგაზეთის რედაქტორმა და სხვა ჟურნალისტებმაც. ნესტან ცეცხლაძის თქმით, პირველივე კადრით ნათელი  იყო, რომ მსხვერპლი სათანადოდ არ იყო დაფარული, რის გამოც მან პროტესტი ადგილზევე გამოთქვა, თუმცა, მხარი არ აუბეს და ირაკლი კაკაბაძემ აგრესია მის მიმართაც გამოავლინა. 

შსს-ს ცნობით, სამეგრელოს სამალავში მათ აღმოაჩინეს იარაღი, ნარკოტიკები და ვიდეომასალები. მინისტრი საუბრობდა, რომ კადრებზე ადამიანების წამება და გაუპატიურებაა ასახული. ეს ვიდეომასალები გუშინ შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აჩვენეს, დღეს, 20 ივნისს კი, სამინისტრომ ჩვენება მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მოაწყო.

კომენტარები