ფარული ჩანაწერები

ღარიბაშვილი: იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი ჩემს წინამორბედზეც გადის

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, საუბარია ორ ეპიზოდზე. მინისტრმა მისი უწყების მიერ მოპოვებული მასალა ციხის კადრებს შეადარა და განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით მსუბუქი საყურებელია.

"ეს კადრები გადაღებულია 2011 წელს, როდესაც მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. აქ საუბარია ორ ეპიზოდზე. ეს საშინელი კადრები ჩვენ ციხის კადრებს შევადარეთ და შემიძლია გითხრათ, რომ ციხის კადრები აბსოლუტურად მსუბუქი ვარიანტია. ეს უმძიმესი კადრები ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ ებრძოდა ადამიანებს ყოფილი მთავრობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის თქმით, ვიდეომასალის გასაჯაროება საზოგადოების უკეთ ინფორმირებისთვისაა საჭირო. როგორც ღარიბაშვილის საუბრიდან გახდა ცნობილი, ხვალ ის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან გამართავს.

"ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას ობიექტური სიმართლე და არა ისეთი, როგორსაც აშუქებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ჩვენ უნდა მივაწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაცია ყოფილი მთავრობის შესახებ. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ ზედმეტი არ იქნება იმის ახსნა, თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე ხვალ გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან", - აცხადებს ღარიბაშვილი.

რუსთავი 2-ის ეთერში, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ იყო ერთ კონკრეტულ რეგიონში ჩადენილი ლოკალური ხასიათის დანაშაული, არამედ სისტემური დანაშაული.

"ზოგადად, როდესაც საუბარი სისტემურ პრობლემებზე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი თუნდაც ჩემს წინამორბედზე გადის. ვანო მერაბიშვილი იყო მინისტრი 2011 წელს და სწორედ ის ხელმძვანელობდა ჩვენს უწყებას. შესაბამისად, გამოძიებას რომ გაუჩნდეს ეს კითხვები, მგონი ლოგიკურია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები