შსს

შსს: ვიდეოფირებთან დაკავშირებით მეგის ქარდავას ბრალეულობა გამოიკვეთა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს განუცხადა, რომ უკვე დაკავებულნი არიან სამეგრელოს სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებში ასახულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირები. ამავე უწყების ინფორმაციით, ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატებს სამეგრელოში აღნიშნული ვიდეოფირებიც გააცნო. 

სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამი მოქმედი თანამშრომელი: გ.შ., მ.ხ., გ.ჭ. და ყოფილი თანამშრომელი პ.ქ. დააკავეს. 
ასევე დაკავებულია თ.უ, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით. ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

კომენტარები