საია

საია საჯარო დაწესებულებებში პრემიებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მის მიერ საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც პრემიების გაცემის წესს განსაზღვრავს.

"კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა, თუ როგორ ხდება საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემა, არსებობს თუ არ აღნიშნულის მარეგულირებელი რაიმე წესი - სამართლებრივი აქტი. აღმოჩნდა, რომ საჯარო დაწესებულებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც პრემიის გაცემის წესს განსაზღვრავს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამგვარი სამართლებრივი აქტი ან საკანონმდებლო, ან კანონქვემდებარე აქტების დონეზე შემუშავდეს და გაიწეროს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის დარეგულირება. გარდა ამისა, კვლევაში შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილებაც იმისთვის, რომ ხელისუფლებისთვის შეგვეთავაზებინა საუკეთესო პრაქტიკა და ის რეკომენდაციები, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე დანერგილია", - განაცხადა საიას წარმომადგენელმა გიორგი ნარმანიამ. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად საიამ გამოავლინა შემდეგი ტიპის პრობლემური საკითხებიც: პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას არ ახლავს დასაბუთება, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რა კონკრეტული მიღწევის დამსახურების გამო იღებს ესა თუ ის საჯარო მოხელე პრემიას.

საიას ინფორმაციით, ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრემია თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებსა და საქართველოს პარლამენტში გაიცა. 

თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლის პერიოდში 5 663 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში - 1 537 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში კი - 3 041 492 ლარი. 

კომენტარები