ხვალ, 19 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში მოპოვებული მასალების შესახებ ახალ ინფორმაციას წარმოადგენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ რუსთავი-2-ის გადაცემა პოზიციაში განაცხადა.
"ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრი გააკეთებს განცხადებას, ვიცი რა თემაზეც, მაგრამ მე ამის თქმის უფლება არ მაქვს, რადგან ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური უფლება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მის თქმით, წარმოდგენილი იქნება ახალი ფაქტები, რომლებიც საზოგადოებაზე დიდ შთაბეჭდილებას მოხდენს და ნაციონალური მოძრაობის წევრებს "გულდაწყვეტილებს დატოვებს". "ხვალ საზოგადოება ახალ ამბავს გაიგებს, მე მზარავს იმის გახსენება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ვიცი და რაზეც იქნება ხვალ საუბარი. სამწუხაროდ, საზოგადოებას ძალიან სამწუხარო სიურპრიზი ელოდება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ამავე გადაცემაში დეპუტატმა თინა ხიდაშელმაც დადასტურა, რომ შსს ახალი "შემზარავი" მასალების გამოქვეყნებას გეგმავს.





