საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ნაციონალური მოძრაობა პრაიმერის ჩაატარებს

Geonews.ge

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ისინი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩაატარებენ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მათ სურთ მოსახლეობას აჩვენონ, რომ გენერალური მდივნის დაპატიმრება პარტიის დანგრევას არ გულისხმობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი იმაზე, თუ რა ფორმით მომხდარიყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის დასახელება. თავიდან ჩვენი სურვილი და გეგმა იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა საჯაროდ, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები გზით, მაგრამ ხელისუფლების მიერ პარტიის წინააღმდეგ გატარებულმა რეპრესიებმა ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ვგულისხმობ ჩვენი გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას, რაც ჩვენი პარტიისთვის ნიშნავდა ახალ სამოქმედო რეალობაში გადასვლას. ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა დისკუსიები, კონსულტაციების ბოლო ეტაპი კი დღეს გავმართეთ და მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება - სწორედ იმის გამო, რომ გამოვავლინოთ და ვაჩვენოთ, რომ გენერალური მდივნის დაპატიმრება არ ნიშნავს პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევას, პარტიის ერთიანობის და მისი მორალის გატეხვას, ჩვენი გადაწყვეტილებააა, არ შევცვალოთ საწყისი გეგმა და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება მოხდეს პარტიული პრაიმერის გზით", - აღნიშნა ბაქრაძემ. 

მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევაში მონაწილეობას მიიღებს პარტია, მისი ყველა წევრი და მხარდამჭერი. ბაქრაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე რეგიონულ კონფერენციას ჩაატარებს, რომლის შემდეგაც გაიმართება კენჭისყრა. პრაიმერის ჩატარება ივნისის ბოლოდან იგეგმება, მასში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება ერთი კვირის მანძილზე შეეძლებათ. 

კომენტარები