მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

IPI-Georgia შსს-ს განმარტებებს სთხოვს

 პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი (International Press Institute Georgian Committee) მოუწოდებს  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაასახელოს საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც მას გაუჩნდა ინტერესი მოქალაქეთა მიერ სოციალურ ქსელებში პირად გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიმართ.

„შსს-ს ინტერესი ადამიანების მიერ სოციალურ ქსელების პირად გვერდებზე გამოთქმული ან გაზიარებული აზრის მიმართ უპრეცედენტოა საქართველოს უახლეს ისტორიაში და მიუღებელია ნებისმიერ სხვა, დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელშიც დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობა ზეწოლის გზით ცდილობს ინტერნეტში მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ განმარტოს საკუთარი მოქმედების მოტივები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციამ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპოზიციის მხარდამჭერების სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი ხმელიძე პოლიციაში დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან თავის facebook გვერდზე გაიზიარა სტატუსი, რომელშიც თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარის ვიდეოების დამზადებაში პრემიერ მინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის სტუდია GDS  იყო დადანაშაულებული.

კომენტარები