ფილოსოფოსი როლან ბარტი თავის ცნობილ ნაშრომში „კამერა ლუსიდა" ფოტოგრაფიას „გაპარულ ჩვენებას" უწოდებს და მეოცე საუკუნის „გაქცეულ" ისტორიას და ფოტოებზე აღბეჭდილ სახეებს ნემსით დატყვევებულ პეპლებს ადარებს. ფოტოგრაფია მართლაც რეალობის ერთგვარი ალტერნატივაა, თეატრია, რომელიც უსასრულოდ რაღაც ისტორიას იმეორებს. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიამ ისტორიული ქრონიკების როლი იტვირთა. ვიზუალური ხატები ხშირად, დაწერილი ტექსტებისგან განსხვავებით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
საბედნიეროდ, თანამედროვე საქართველოში ფოტოხელოვნება კულტურული პროცესის ნაწილია და არაერთი გამოფენა თუ ფოტოფესტივალი რეგულარულად იმართება. ფოტოგრაფსაც აღარ აღვიქვამთ, როგორც მხოლოდ რაღაც ხელოსნების ამქრის წევრს და სხვადასხვა სკოლები ფოტოგრაფიას ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად ასწავლიან. მაგრამ ასე არ იყო გრძელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, შუქწერის ამ ხელობამ განვითარების სხვადასხვა ეტაპები საქართველოშიც გაიარა – ქართული ფოტოგრაფია, როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული, ვითარდებოდა, მაგრამ შესწავლის გარეშე იყო დარჩენილი.
ფოტო: ქართული ფოტოგრაფია 1955-2012
თამარ სულამანიძე – „ეს პირველი წიგნია, რომელიც 1955-2012 წლების პერიოდს მოიცავს. აქ ჩვენ 1842 წლიდან არ ვიწყებთ ქართული ფოტოს ისტორიას – ეს ოფიციალური თარიღია, როდესაც ფოტოგრაფია შემოვიდა საქართველოში. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ დროის ეს მონაკვეთი ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი. ფოტოგრაფების ნაწილი ჩვენ გვერდითაა, მათი ნამუშევრების მოპოვება, რომლებიც კერძო კოლექციებშია გაბნეული, აუცილებელი იყო.
სხვა ადრეული ფოტოები, რომლებიც ეროვნულ მუზეუმში ინახება, მეტ-ნაკლებად შესწავლილი და დაცულია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ლიკა მამაცაშვილის და თეონა იაშვილის უანგარო დახმარება, გაწეული არქივებში და მთლიანად ამ წიგნზე მუშაობისას. დაგეგმილი გვაქვს ორი ტომის გამოცემა, რომელშიც შევა ქართული ფოტო დასაბამიდან და მეოცე საუკუნის დასაწყისი".
ალბომი 201 ფოტოხელოვანის 2000 ნამუშევარს აერთიანებს. ავტორებმა წიგნის კონცეფცია ქრონოლოგიური თანმიმდევრობის ნაცვლად ასინქრონულად, 6 თავის ქვეშ გააერთიანეს და სტილისტურად დააჯგუფეს სხვდასხვა პოლიტიკური თუ სოციალური ეტაპების მიხედვით.
ფოტო: ქართული ფოტოგრაფია 1955-2012
საქინფორმი საინფორმაციო სააგენტოს ფოტოკორესპონდენტების გაერთიანება იყო, რომელშიც არაერთი საინტერესო ფოტოგრაფი მოღვაწეობდა. ამ პერიოდში ფოტოდოკუმენტალისტიკა განსაკუთრებით განვითარდა, მაგრამ საბჭოთა პროპაგანდა კვლავ იგრძნობა ფოტოებში, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თუ იმდროინდელ ცნობილ და უცნობ სახეებს იდეოლოგიურ ჭრილში გადმოგვცემს.
ბატონი იური მეჩითოვი გვიყვება, თუ როგორ თანდათან ხდებოდა ფოტოგრაფიის პროფესიონალურ დონეზე გადასვლა – „მაშინ არ იყო პროფესიონალური სასწავლებლები. როგორ ითვლებოდა, იცი? თუ კაცი ფოტოთი ფულს შოულობდა, პროფესიონალი იყო და სხვები მოყვარულები იყვნენ. სიმონ კილაძე იყო დიდი ფოტოგრაფი და ძალიან ცნობილი პიროვნება, მან ფოტოხელოვნება სხვა დონეზე აიყვანა და ფოტოგრაფიის პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვიცნობდით და ვინც, ასე ვთქვათ, ტენდენციას ქმნიდა, ვეცადეთ, ყველა შეგვეყვანა ამ წიგნში, იყო ეს ფოტოატელიეში მოღვაწე ფოტოგრაფი, ფოტოკორესპონდენტი თუ უბრალოდ მოყვარული".
ფოტო: ქართული ფოტოგრაფია 1955-2012
წიგნში დოკუმენტურ ფოტოგრაფიასთან ერთად მხატვრული და კონცეპტუალური ფოტოც შევიდა, რაც ალბომის დასკვნით ნაწილშია წარმოდგენილი. აქ ის ნამუშევრებია, რომლებიც ფოტოგრაფიას სახვითი ხელოვნების კუთხით გვიჩვენებს. მხატვრები ფოტოს თავიანთი შემოქმედებითი კონცეფციების აღსაწერად იყენებენ.
„ქართული ფოტოგრაფია 1955-2012" მაღალი პოლიგრაფიული დონის გამოცემაა, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის მატიანეა. ეს მნიშვნელოვანი ნაშრომია არა მხოლოდ ფოტოგრაფიით დაინტერესებული ხელოვნებათმცოდნეებისთვის, არამედ სოციალური და კულტურის ისტორიის მკვლევრებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ იცვლიდა იერს ჩვენი წარსული.
წიგნის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ სწორედ გასული 50-60 წლის კვლევა ძალიან მდორედ მიმდინარეობს, საბჭოთა საქართველოს სოციალური ცხოვრება და უახლესი წარსული სწორ შეფასებას საჭიროებს და ვიზუალური ქრონიკა ამის არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევს.