უმაღლესი განათლება

თსუ-ს ახალი რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება. ინტერპრესნიუსის ცნობით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი დღეს გამოცხადდა. კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადად კი 12 ივლისის 18.00 საათი განისაზღვრა.

აკადემიურმა საბჭომ რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დღეს დააკმაყოფილა, მაგრამ კვიტაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

კვიტაშვილის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი გზა იყო.

"ვთვლი, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი გზა - არჩეულ აკადემიურ საბჭოს მიეცეს საშუალება თავად გადაწყვიტოს - ვინ იყოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ან ახალი რექტორი. ჩემი გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკით არის ნაკარნახევი. სამინისტროში გუშინწინ შედგა უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა, სადაც ჩვენ გვთხოვეს, რომ მონაწილეობა მიგვეღო კანონპროექტის შემუშავებაში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კანონპროექტი ცვლილებებით უკვე 31 მაისს იყო პარლამენტში შეტანილი და გუშინ პარლამენტის ბიურომ განიხილა. ამ ცვლილების თანახმად, უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი. ეს უნივერსიტეტის ავტონომიაში ძალიან უხეში ჩარევაა. თსუ აკადემიურმა საბჭომ დღესვე გამოაცხადა ახალი რექტორის თანამდებობაზე კონკურსი. ორთვიან ვადაში აკადემიური საბჭო აირჩევს ახალ რექტორს და გარედან რექტორის დანიშვნას ვერავინ მოახერხებს. აკადემიურმა საბჭომ მთხოვა ახალი რექტორის არჩევამდე რექტორის მოვალეობა შევასრულო. ჩემი თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ დიდ პატივს ვცემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არჩეულ აკადემიურ საბჭოს, რომელსაც უნივერსიტეტის ავტონომიურობის და დამოუკიდებლობის დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეს.", - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომენტარები