ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ალასანია: ქართველი სამხედროებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო დისლოკაციები შეირჩევა

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

"დაწყებულია სერიოზული სამუშაოები NATO-ს სარდლობის მხრიდან ჩვენი შეიარაღებული ძალების მოთხოვნით, რომ ქართველი სამხედროებისთვის ისეთი კონკრეტული დისლოკაციები იქნას შერჩეული, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული,"- აღნიშნული განცხადება საქართველო თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

თავდაცვის მინისტრის თქმით,  დისლოკაციების შერჩევაში ქართველი სამხედროების მიერ ჰელმანდის პროვინციის დატოვება არ იგულისხმება.

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიის ამ კონკრეტული ფორმატით 2014 წლის ბოლომდე დარჩებიან, მომდევნო ეტაპზე კი  თვისობრივად ახალი მისია ამოქმედდება.

"საქართველოს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის ვალდებულება აქვს 2014 წლის ბოლომდე. ჩვენ დავასრულებთ ამ მისიას 2014 წელს. მანამდე, ბუნებრივია, NATO-ს ჯარებთან ერთად მოვახდენთ შესაბამის გადაადგილებებს, მათ შორის საბოლოო შემცირებაც დაგეგმილი გვაქვს. 2014 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თვისობრივად ახალ მისიაში, რომელიც არ იქნება საბრძოლო მისია. ის იქნება ავღანური უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის მისია", - განაცხადა ალასანიამ.

 ალასანიას თქმით, ავღანეთში დღეისათვის საომარი მოქმედებებია, ამიტომ 100%-იანი გარანტიები, რომ რაიმე სახის ინციდენტები არ მოხდება, არ არსებობს. 

კომენტარები