უმაღლესი განათლება

განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

parliament.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს.  

საქმე ეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროეტს, რომლიც დაჩქარებული წესით შევიდა პარლამენტში განსახილველად. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ემატება ახალი აკადემიური თანამდებობა - ასისტენტი. ცვლილებები შეეხება ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებასაც.

განათლების კომიტეტში კანონპროეტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა დეპუტატ  გიორგი კანდელაკის განცხადებებს,  რომელმაც აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით როინ მეტრეველის დრო დაბრუნდება უნივერსიტეტებში, როდესაც ქრთამის აღება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. "ნუ ტეხავ რა დებოშს!" - ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა კანდელაკს მოუწოდა კითხვა მოკლედ დაესვა.  

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ  მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები ეყრდნობა "იმ აპრობირებულ ევროპულ და ამერიკულ მეთოდებს, რომლის საშუალებითაც დღეს ეს უნივერსიტეტები არიან მოწინავეები". სანიკიძის თქმით, არაფერი საერთო ცვლილებებს უკან დაბრუნებასთან არ აქვს  "რაც უმცირესობამ იგულისხმა როინ მეტრეველის უკან დაბრუნებაში, მაშინ აქ უკვე ზედმეტია საუბარი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"ხელისუფლების მიზანია გაათავისუფლონ მოქმედი რექტორები და დეკანები, რომლებიც არჩეული არიან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი აკადემიური საბჭოების და ფაკულტეტების საბჭოების მიერ, ხოლო მათ ადგილზე დაინიშნონ ის რექტორები, რომლებიც იქნებიან პრემიერმინისტრისთვის მისაღები და მოსაწონი. ეს არის ინსტიტუციური ჩარევა უნივერსიტეტში. შევარდნაძის დროის შემდეგ არ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც პრემიერმინისტრი იღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. ეს არის დაბრუნება იმ სისტემაში, რომლის ძალიან კონკრეტული სიმბოლო არის როინ მეტრეველი", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ნეტგაზეტთან საუბარში. 

კომენტარები