ISAF-ის მისია

ივანიშვილი: უშიშროების საბჭოზე განსახილველი არცერთი საკითხი ჩემთვის არ არის საინტერესო

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 11 ივნისს, უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება. ივანიშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგი მისთვის საინტერესო არაა. "ISAF-ის და კლიპი რომ დაიდო, ის საკითხები განიხილება, ჩემთვის, მგონი, არცერთი საკითხი არ არის საინტერესო ამ ეტაპზე, რომ ამ შეკრებაზე წავიდე", -ამბობს ის.

პრემიერი ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას მას შემდეგ დაესწრება, რაც მის ქმედითუნარიანობაში დარწმუნდება. "ჯერ უნდა დავრწმუნდე, საკითხები უნდა იყოს ჯერ ისეთი, რომ აუცილებელია და სასწრაფოდ მისასვლელია. მერე უნდა დავრწმუნდე, რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა და რა მოხდება დღეს, ესეც დავინახოთ. მომავალში რატომაც არა, თუ დავრწმუნდებით, რომ საკითხები ისმება არა საკითხებისთვის, არა იმისთვის რომ შეკრება მოხდეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ, ამის შემდგომ რამდენად ქმედითუნარიანია. 3 მინისტრი მიდის, სამივე მინისტრს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა პრეზიდენტთან და ბოკერიასთან და ვნახოთ, შედეგები როგორი იქნება", - აცხადებს ივანიშვილი.

მან კომენტარი გააკეთა თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოების შესახებაც. "გახსოვთ "ვერის უბნის მელოდიები", ბრალდებებზე, აი, შუბასაც რომ მოიპარავენ, ჩვენ ვიცით, ამ უბანში ვინ არისო მაგის შემძენიო. ეხლა ასეთი კადრების გამკეთებელი ვინ არის, ჩვენ არ ვიცით? ამაზე საუბარია და გამოთქვამენ ეჭვს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თუ მაინც წინასწარ ეჭვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს მსგავსი ხელწერა არ ჰქონია არასდროს და მსგავსი თემებით არასდროს დაინტერესებულა. შესაბამისად, თუ ვინმეს ეჭვი აქვს ამ მიმართულებით, ეს მისი პრობლემაა მხოლოდ. ეს არ არის გუნდის პრობლემა. ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ეს მათი ხელწერაა და არა მეტი", - აცხადებს ივანიშვილი.მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ FBI-სთან.

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის უკანასკნელი ვიზიტის შესახებაც ავღანეთში. "ცუდი იყო, ის ჩანაწერები რომ გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი თვით ადრე რომ ჩავიდა. ცუდი იყო, რომ მისივე ტელევიზია ამას აჩვენებს. ეს არ იყო კორექტული და ამას ბევრი ექსპერტი გამოთქვამს, რასაც მეც ვეთანხმები".

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა დღეს, 18.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევაზე 8 ივნისს განაცხადა და მზადყოფნა გამოთქვა, ზუსტი დრო პრემიერის აპარატთან შეთანხმებით დაენიშნა, რაზეც პასუხად პრემიერმა განაცხადა, რომ დასწრებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მხრიდან ზუსტი თარიღის დასახელების შემდეგ მიიღებდა."ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი არ დაესწრო უშიშროების საბჭოს წინა სხდომასაც და განაცხადა, რომ ეს წინასწარ გაწერილი გრაფიკის გამო ვერ შეძლო.

კომენტარები