მერაბიშვილის საქმე

ღარიბაშვილი: საზოგადოება კიდევ გაიგებს, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი მერაბიშვილს

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

"მერაბიშვილს საკმაოდ მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, მაგრამ მის მიმართ გამოკვეთილია კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები, რაზეც ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს", -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასავალ-დასავალთან ინტერვიუში. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადონ, უსუსურია, რადგან საზოგადოება კიდევ გაიგებს დამატებით, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი მერაბიშვილს.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მან ბრიუსელში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს ამ საკითხზე გაჩენილ კითხვებზე უპასუხა და დეტალურად განუმარტა, რის გამო იქნა მერაბიშვილი დაკავებული. "ევროპელები პრაქტიკულად დარწმუნებულნი არიან, რომ მერაბიშვილის დაპატიმრება პოლიტიკური მოტივებით არ არის განპირობებული", - აცხადებს შს მინისტრი.

ვაშინგტონ პოსტის კრიტიკული სარედაქციო წერილის შეფასებისას, სადაც სარედაქციო საბჭო მერაბიშვილის დაპატიმრებას უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს დევნას ადარებს, ღარიბაშვილმა განაცხადა: "თუნდაც ისეთ გაზეთებში, როგორიც არის ვაშინგტონ პოსტი და ნიუ-იორკ თაიმსი, ძალიან ადვილია დეზინფორმაციული სტატიის განთავსება, თუ ადამიანს აქვს ბევრი ფული და ჰყავს კარგი ლობისტები. პირდაპირ ვამბობ, რომ ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო წერილი იყო შეკვეთილი სტატია და მას არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან".

კომენტარები