ISAF-ის მისია

ავღანეთში დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში 19 საათზე გაიმართება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს, 19:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. პანაშვიდს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გადაიხდის. გარდაცვლილებს ტაძარში 18:00-ზე მიასვენებენ და მათთან გამოთხოვების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.

დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალმა ბორის ცუგოშვილმა შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

კომენტარები