ISAF-ის მისია

ივანიშვილი: ჩვენ ვერაფერი გაგვტეხავს, უკან ვერავინ დაგვახევინებს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველო პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც გუშინ, 6 ივნისს, ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

პრემიერის თქმით, თავზარდამცემი ტრაგედიის მიუხედავად, საქართველო უკან არ დაიხევს. ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში და ეს მთელმა მსოფლიომ იცის.

"ტერორიზმი 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა, მასთან ბრძოლა ურთულესი და ამავე დროს მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ. ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხავს, უკან ვერავინ დაგვახევინებს", - განაცხადა ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ მისი დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე ავღანეთში იმყოფება.

 

კომენტარები