განათლება

პრეზიდენტი პრემიერს უცხოეთში სწავლის მსურველთა დაფინანსებას სთხოვს

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უცხოეთში სწავლის მსურველთა დაფინანსებას სთხოვს.

ღია წერილში, რომელიც პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე განთავსდა, სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა.

"ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში დიდ ყურადღებას ვუთმობდი ამ სფეროს და თქვენთვის კარგად ცნობილია ის ურთულესი რეფორმები, რომლებიც ჩემმა მთავრობამ განათლების სისტემაში განახორციელა. ამის მიუხედავად, ფაქტია ისიც, რომ განათლებული კადრის გარეშე ვერც ერთი სისტემა ვერ იმუშავებს და ამ გარემოებით იყო განპირობებული, რომ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დავხარჯეთ იმისათვის, რომ რეფორმების პარალელურად, ხელი შეგვეწყო ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლისათვის", - აცხადებს სააკაშვილი.

პრეზიდენტი პრემიერს ახსენებს, რომ მიმდინარე წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მთავრობამ მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი აცხადებს, რომ ფონდიდან 1 მილიონი ლარი კვლავაც ახალგაზრდების განათლებაზეა გამოყოფილი.

"საბედნიეროდ, ახალგაზრდების დაინტერესება კვლავაც ძალიან დიდი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ყველა ღირსეულის დაფინანსება. ამიტომ, გადავწყვიტე, გადმოგიგზავნოთ აპლიკანტების სრული სია ყველა სათანადო დოკუმენტაციით და გთხოვოთ, რომ გამოყოთ სათანადო სახსრები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რათა დამატებით გამოავლინოთ ღირსეული კანდიდატები და მისცეთ მათ საშუალება, ისწავლონ მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში", - ნათქვამი პრეზიდენტის ღია წერილში.

მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი კონკურსები მომავალ წლებშიც არ შეწყდება, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება. 

კომენტარები