აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ამერიკულ ფეხბურთში სუპერ ბოულის გამარჯვებული გუნდი მიიღო. ბალტიმორ რეივენზმა სან ფრანცისკო 49-ერსი 3 თებერვალს 34-31 დაამარცხა. ობამამ გუნდი შეაქო და რამდენიმე ფეხბურთელიც გამოარჩია. მათ შორის - ჯო ფლაკო, რომელიც თამაშების MVP გახდა.
"ჯომ, კუოტერბექებს შორის, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მან 11,000- ზე მეტი პასი და 11 ტაჩდაუნი ისე მოაგროვა, რომ ბურთი არცერთხელ არ დაუკარგავს. მე ვფიქრობ, რომ ეს ელიტური მაჩვენებელია. ჯო, შენ თუ ასე თამაშს განაგრძობ, ვფიქრობ, ჯოზეფ ბაიდენთან შეძლებ კონკურენციას დალავერში ყველაზე პოპულარული ადამიანის ტიტულისთვის", - განაცხადა ობამამ.
გუნდის მწვრთნელმა ჯონ ჰარბოუმ პრეზიდენტს საჩუქრად რეივენზის მაისური გადასცა და შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებას 2014 წელსაც გეგმავს.





