washington post

თეა წულუკიანი Washington Post-ს საპასუხო წერილს უგზავნის

Washington Post Co.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი The Washington Post-ს საპასუხო წერილს უგზავნის.

თეა წულუკიანის წერილი სათაურით "საქართველო ვერ დახუჭავს თვალს კანონდარღვევებზე" ეხმაურება გავლენიან ამერიკულ გამოცემაში გასულ კვირაში გამოქვეყნებულ სტატიას "საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია". საპასუხო წერილს Washington Post-ი ვებგვერდზე აქვეყნებს.

იუსტიციის მინსიტრი აღნიშნავს, რომ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ წერილში საკვანძო ფაქტები და გარემოებებია გამორჩენილი.

"საქართველოს ახალი მთავრობა კანონის უზენაესობის აღდგენისთვის აირჩიეს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობისას კანონის უზენაესობა ირღვეოდა, რაზეც თანხმდებიან აშშ, ევროკავშირი, გაერო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რის გამოც დაკეტილი იყო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალი გზა", - ნათქვამია წერილში.

თეა წულუკიანის თქმით, მართალია, Washington Post-ის წერილში აღნიშნულია წინა ხელისუფლების "ბრალი კანონის გვერდის ავლით მოქმედებასა და ოპონენტებსა და მედიაზე დროდადრო განხორციელებულ ზეწოლაში", მაგრამ ამავე დროს გამოცემის სარედაქციო საბჭო გვთავაზობს, ხელისუფლების წარმომადგენლებს მივუტევოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშვიდობიანი გზით გადააბარეს ხელისუფლება.

"თუმცა, ქვეყანა, რომელიც იმართება კანონის უზენაესობით, თვალს ვერ დახუჭავს თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და ნებისმიერ მთავრობის მაღალჩინოსანთა მხრიდან გამოვლენილ ძალადობასა და წამების დანაშაულებებზე", - ნათქვამია წერილში.

თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ამის მაგიერ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო პროცესი ყველასათვის.

"ახალი ხელისუფლება ათავისუფლებს სასამართლოს პოლიტიკური ზეწოლისგან, აძლევს ბრალდებულებს ახალ უფლებას, ისარგებლონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი და აღებს სასამართლო დარბაზის კარს მედიისთვის", - წერს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი წერილის ბოლოს აღნიშნავს, რომ ევროკავშირი და აშშ რჩევებს აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას ამ რეფორმების გატარებისას, ყველა სასამართლო პროცესს აკვირდებიან ეუთო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ვიწვევთ Washington Post-ს, რათა დააკვირდეთ სასამართლო პროცესებს და ადგილზე გაეცნოთ ფაქტებს დასკვნების გამოტანამდე", - ნათქვამია წულუკიანის საპასუხო წერილში.

სარედაქციო წერილში, რომელიც Washington Post-მა საქართველოში მიმდინარე პროცესებს მიუძღვნა, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს დევნასთანაა შედარებული  და აღნიშნულია, რომ ლაპარაკი იმაზე, თითქოს ბ-ნ მერაბიშვილს პოლიტიკური მიზეზებით არ დევნიან, ისევე სარწმუნოა, როგორც იმის მტკიცება, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია პრემიერმინისტრის რანგში ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომების გამო. Washington Post-ი დასავლურ მთავრობებს პასიურობისთვის აკრიტიკებს და მოუწოდებს მათ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ საქართველოსთვის დასავლეთის კარი დაიხურება, თუ ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნას გააგრძელებს.

 

კომენტარები