washington post

Washington Post: საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა

Washington Post-მა საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა - საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა. Washington Post-ი განმარტავს, რომ წერილში გამოხატულია არა კონკრეტული ავტორის, არამედ მთელი სარედაქციო საბჭოს პოზიცია.

Washington Post-ს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების ფაქტი, დემოკრატიის ტრიუმფად აქვს შეფასებული და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა წამოსწია მნიშვნელოვანი საკითხი - შეძლებდა თუ არა საქართველო პოლიტიკური პლურალიზმის მოდელი გამხდარიყო, "თუ უკრაინის გზას დაადგებოდა, სადაც ლიბერალური ხელისუფლების დამარცხებამ მათი ლიდერების დაპატიმრება და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ მიბრუნება გამოიწვია".

"სამწუხაროდ, ახალ რეჟიმს, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, სულ ცოტა დრო დასჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ახალმა ხელისუფლებამ 20-ზე მეტი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დააპატიმრა. მათ შორის არიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გაერთიანებული შტაბის უფროსი.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ვადა კიდევ ერთი წელი არ იწურება, ხელი შეუწყო ახალი მთავრობის ფორმირებას, ივანიშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა მისი გადადგომა და ამავდროულად მიანიშნა, რომ სააკაშვილის მოკავშირეების დევნა მანამდე გაგრძელდება, სანამ ის არ გადადგება. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის დაფინანსება შეამცირა და ზეწოლას ახდენს ოპოზიციის დეპუტატებზე, რათა ისინი მმართველი ძალის რიგებში გადაიყვანოს. ამავდროულად, ავიწროებს მედიას, რომელიც ყოფილი ხელისუფლებისადმი სიმპათიითაა განწყობილი", - აღნიშნულია წერილში.

Washington Post-ი ასევე სკეპტიკურად უყურებს ახალი ხელისუფლების პოზიციას იმის შესახებ, რომ საქართველო გააგრძელებს სწრაფვას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

"ივანიშვილი ქართველებს დაჰპირდა, რომ გააგრძელებდა სააკაშვილის სტრატეგიას ევროკავშირის და ჩრტილოატლანტიკური ალიანსის გაწევრიანების გზაზე. ამის მიუხედავად, უგულებელყო ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსანთა გაფრთხილებები "პოლიტიკურ მტრებთან ანგარიშსწორების და კანონის უზენაესობის" შესახებ. უფრო მეტიც, ივანიშვილი და მისი მოკავშირეები აქტიურად საუბრობენ ყოფილი პრემიერმინისტრის, დედაქალაქის მერის და სხვათა წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ. საქართველოს ახალი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათი მოვალეობაა გაასამართლოს ხელისუფლება, რომელიც თავად ხშირად ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას - და მართლაც, შესაძლოა, ყოფილი თანამდებობის პირები დამნაშავეებიც არიან. მაგრამ მათ მიერ დაწყებული გამოძიება უმნიშვნელო კანონდარღვევებს ეხება, რომლებიც ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. ასე რომ, თუ ბატონ ივანიშვილს სერიოზულად სურს დასავლეთის მთავრობებისთვის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთშია, ის იგნორირებას გაუკეთებდა ასეთ უმნიშვნელო დარღვევებს და კონცენტრაციას უცხოელი ინვესტორების ნდობის აღდგენაზე მოახდენდა - რაც მნიშვნელოვნად შემცირებულია არჩევნების შემდეგ'' , - ნათქვამია წერილში.

Washington Post-ის სარედაქციო საბჭო, ბიძინა ივანიშვილის მიერ აშშ-ში ვიზიტის გადადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სანამ საქართველოს პრემიერი პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებას განაგრძობს, მას ვაშინგტონმა არ უნდა უმასპინძლოს.

"პრემიერმინისტრად ქცეულმა მაგნატმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში გადაიდო, რაც კარგია. სანამ ის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას აგრძელებს და ძალაუფლების მონოპოლიზებას ცდილობს, საქართველოს ახალი ლიდერის ვიზიტი ვაშინგტონში მისასალმებელი არ უნდა იყოს", - ნათქვამია წერილში. 

კომენტარები