გამომცემლობები

გამომცემლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

საქართველოში არსებული შვიდი გამომცემლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ მათ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლებები გადაიბარა.

გამომცემლები დადებითად აფასებენ სკოლის მოსწავლეთათვის წიგნების უფასოდ გადაცემის ინიციატივას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს მათი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გრიფირების წესის შესახებ განათლების მინისტრის 2010 წლის ბრძანებით, სამინისტრომ გამომცემლებს საკუთრების უფლება შეუზღუდა და ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა მათი საავტორო უფლებები, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, რომელთა მიხედვითაც საკუთრების უფლების შეზღუდვა შესაძლებელია კანონის მიერ და არა კანონქვემდებარე აქტით (მინისტრის ბრძანება წარმოადგენს კანონქვემდებარე აქტს).

მოსარჩელეები სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმის გათვალისწინებითაც, რომ, მათი აზრით, დაწესებული შეზღუდვა არღვევს საკუთრების უფლების არსს.

"სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა, საავტორო უფლების მფლობელად აქცევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შესაბამისად, სამინისტრომ თავად გადაწყვიტა რა, ესარგებლა ამ უფლებით, ფაქტობრივად საავტორო უფლების სხვა მფლობელთა მიერ საკუთარი უფლებით სარგებლობას საფუძველი დაუკარგა, რადგან ხსენებული ნაწარმოებები ზოგადსაგანმანათლებლო პროცესისთვის იყო განკუთვნილი და მათი სხვა სახით გამოყენება შეუძლებელია ... დღეისათვის სამინისტრო თავისივე არაკონსტიტუციური აქტის საფუძველზე მოპოვებული საავტორო უფლებების გამოყენებით ახდენს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვას და გეგმავს მათ გავრცელებას, რაც, ბუნებრივია, იწვევს გამომცემელთა საკუთრების უფლების დარღვევას", - აღნიშნავენ გამომცემლები.

გამომცემელთა ინტერესებს (ინტელექტი, არტანუჯი, დიოგენე, ლოგოს პრესი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ტრიასი, ფიზიკური პირი - ირინა რუხაძე) საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა. სამინისტრო წიგნებს მათზე საავტორო უფლებების მფლობელი გამომცემლობების გვერდის ავლით დაბეჭდავს.

კომენტარები