საქართველო-NATO

რასმუსენი: მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება

denesen.mk

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.

"საქართველო NATO-ს განსაკუთრებული პარტნიორია, რომელსაც სურს ალიანსის წევრი გახდეს. საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში, NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მნიშვნელოვანია. საქართველო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას NATO-ს ოპერაციებში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, ასევე მწუხარებას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლისთვის”, - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თავდაცვის სექტოში მიმდინარე რეფორმებიც.

"NATO საქართველოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს, მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ საქართველოს და მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენ, ასევე, დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და უმცირესობების უფლებებს. ასევე, მოვუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენ, ასევე, ურყევ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში. სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

დღესვე, მინისტერიალის ფარგლებში, NATO-ს შტაბბინაში გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და  საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები