იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების იზოლატორში შესანიშნავ პირობებშია. წულუკიანის თქმით, თუ მერაბიშვილი ისე მოიქცევა, "როგორც ამას პატიმრობის შესახებ კოდექსი ითვალისწინებს", წახალისების მიზნით, მას არა მხოლოდ ტელევიზორი, არამედ შესაძლოა რადიომიმღებიც გადაეცეს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს ევროპარლამენტის საგანგებო დელეგაციასთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენები, ვიდრე ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნაა.
"ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყენას არ აქვს პატიმრობის კოდექსი. საქართველოს ეს პატიმრობის კოდექსი ნაციონალურმა მოძრაობამ დაუტოვა და ყველა ის უფლება, რაც ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩვენთვის დატოვებულ პატიმრობის კოდექსში წერია, იქნება დაცული მერაბიშვილის მიმართ თუ ყველა იმ პატიმრის მიმართ, ვინც საქართველოს ციხეებშია. მე მინდა ევროპარლამენტარებს ვაჩვენო მტკიცებულება იმისა, თუ როგორი უკეთესი ხელისუფლება ჰყავს დღეს საქართველოს, ვიდრე ვარდების რევოლუციის შემდეგ ჰყავდა. კერძოდ, მინდა გავახსენო მათიას იორშის ვიზიტი სულხან მოლაშვილთან, რომელიც შენობის სარდაფში იჯდა და მაშინდელი მაღალი უსაფრთხოების ციხეში, სადაც - იორშის ციტირებას ვახდენ - არ იყო შუქი და წყალი ისეთი ხმაურით მოდიოდა და ისე ჰქონდა სხეული დაზიანებული ამ ადამიანს, რომ მაშინ ევროსაბჭომ სულხან მოლაშვილის პატიმრობის პირობები წამებად დააკვალიფიცირა. დღეს ჩვენ გვყავს პატიმარი მერაბიშვილი, რომელიც შესანიშნავ პირობებში ზის. ეს თავად ლისეკმა განაცხადა. მას, როგორც ჩანს, ერთადერთი პრობლემა აქვს ტელევიზორი. თუ ის იმ იზოლატორში, სადაც იმყოფება მოიქცევა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსი, მაშინ წახალისების მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არა მხოლოდ ტელევიზორს, ალბათ რადიომიმღებსაც მისცემს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპარლამენტის დელეგაციის ერთ-ერთ წევრი, კჟისტოფ ლისეკი დღეს დილით ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ის არ არის უზრუნველყოფილი ტელევიზორით, რისი უფლებაც კანონით აქვს.