ნაციონალური მოძრაობა

ვაშაძე: საპრეზიდენტო კანდიდატს 10 დღის მანძილზე დავასახელებთ

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განაცხადებით, ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს უახლოესი 10 დღის მანძილზე დაასახელებს. მისივე თქმით, პრაიმერის ჩატარება აღარ იგეგმება. ამის შესახებ ვაშაძემ პირველი რადიოს პრესკლუბში განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დააკავეს, პარტიის გეგმებში მოხდა ცვლილებები. საპრეზიდენტო კანდიდატზე შევთანხმდებით და ისე გამოვაცხადებთ. პრაიმერის ჩატარებას აღარ ვაპირებთ", - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი საკმაოდ სუსტია და, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს "საკმაოდ სერიოზული შანსები ექნება".

"ქართული ოცნება ხვდება, რომ საკმაოდ სუსტი საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიეს, ამიტომ პარტიაში საუბარი მიდის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით. მათ ურჩევნიათ საპარალამენტო-საპრეზიდენტო არჩევნები ერთად ჩაატარონ, რათა მოხდეს მათი საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანაც. მათ ასევე სურთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ იყოს პარლამენტში. ისინი ჩვენი პარტიის წევრების დაკავებითა და დაშინებით ცდილობენ ნაციონალებისთვის ხელების გადაგრეხვას. მათ სურთ, ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, ამოაგდონ ცხოვრებიდან და, რეალურად, ის მართულმა ოპოზიციამ ჩაანაცვლოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები