ოკუპირებული ტერიტორიები

ივანიშვილი: საზღვრის გადმოწევა გაუგებარია, ეს არ შედის ჩემს ანალიზში

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

საქართველოს პრემიერმინისტრისთვის გაუგებარია ის, რაც კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზთან ხდება - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ პრაიმტაიმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მართალი გითხრათ, ესეც გაუგებარია რაც ხდება, მე ისიც ვერ ამიხსნია, რატომ ხდება, ეს არ შედის ინტერესში, ეს არ შედის იმ ანალიზში, რომელსაც მე ვაკეთებ. ჩემს ხედვებს ეს არ ემთხვევა და ეს არის ამოვარდნა იმ მოდელიდან, რომელიც მე წარმომიდგენია. მით უმეტეს, გართულება ვერ წარმომიდგენია. გასაგებია, რომ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს და ჩვენთვის საშინელებაა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი ანალიზით, ეს არ შედის რუსეთის ინტერესში. დაველოდოთ ცოტა დროს. რა ხდება, ჩემთვის ამოსახსნელია", - ამბობს პრემიერმინისტრი.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი სიტუაციის გართულებას არ ელის:

"ნუ გავაკეთებთ ზედმეტ დრამატიზებას. ჩვენ ჯანსაღ რეაქციას ვაკეთებთ... ჩემი გადმოსახედიდან, დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს სახელმწიფო სტრატეგია, რამეთუ რუსეთის ინტერესს არ ემთხვევა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება მოკლე დროში ეს გამოსწორდეს", - აცხადებს პრემიერი.

ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში, დიცსა და დვანში, რუსმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს.

 

კომენტარები