25 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ თამაშში მიუნხენის "ბაიერნმა" 2:1 დაამარცხა დორტმუნდის „ბორუსია". ეს იყო მათი მესამე ფინალი ბოლო 4 წლის განმავლობაში, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ მიუნხენის „ბაიერნი" ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანია. მაგრამ არის რიგი ასპექტების, რომლებიც „ბაიერნს" სხვა გრანდებისგან განასხვავებს და რომელთა მიხედვით ის არა მხოლოდ დიდი გუნდი, არამედ დიდი კლუბიცაა ამ ცნების სპეციფიკური მნიშვნელობით.
„ბაიერნი" სოციალური პოლიტიკის გამტარებელი კლუბია
„ჩვენ ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს რონალდოს შესაძენად, მაგრამ უბრალო ბავარიელი მუშაკაცი ვერასოდეს გაგვიგებს, ფეხბურთელს რომ ასტრონომიული ხელფასი გადავუხადოთ", – ეს სიტყვები „ბაიერნის" ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ თხუთმეტიოდე წლის წინ წარმოთქვა და ცხადია, გულისხმობდა არა დღევანდელ პორტუგალიელ ვარსკვლავს, არამედ მის ბრაზილიელ სეხნიას – ლუის ნაზარიო ლიმას, იმ დროს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თანამედროვე ფეხბურთმა თავისი მოთხოვნები წამოაყენა და „ბაიერნმა" რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი შეიძინა ათეულობით მილიონი ევროს ფასად (ლუკა ტონი 11.58 მილიონად და ფრანკ რიბერი 30 მილიონად 2007 წელს, არიენ რობენი 25 მილიონად 2009 წელს, ხავი მარტინესი 40 მილიონად 2012 წელს, მარიო გიოტცეს ტრანსფერი მომავალ ზაფხულს, სავარაუდო 38 მილიონად და ა.შ.). ერთი შეხედვით, ეს ყოველივე სრულ კონტრასტშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც კლუბში ოცი-ოცდახუთიოდე წლის წინ სუფევდა.
80-იანი წლების მიწურულს ბუნდესლიგაში ბრწყინავდა „ვერდერის" ფორვარდი კარლ-ჰაინც რიდლე და „ბაიერნმა" მისი შეძენა დააპირა. ამბობენ, როდესაც ადმინისტრაციული საბჭოს სხდომისას განიხილებოდა ეს საკითხი და კლუბის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ფრიც შერერმა დაასახელა რიდლეს სატრანსფერო ფასი – 10 მილიონი გერმანული მარკა (დღევანდელი 5,1 მილიონი ევრო), „ბაიერნის" ფინანსური დირექტორი წამოდგა, გამოაღო ფანჯარა და იმიტირება მოახდინა, თითქოს გადახტომას აპირებდა. გზავნილი გასაგები იყო: რიდლე „ბაიერნში" არ გადასულა.
თუმცა „ბაიერნის" სოციალურ პოლიტიკას რეალურად სხვა ასპექტები განსაზღვრავს. ცნობილია, რომ მიუნხენის ულტრათანამედროვე ალიანც არენა მუდამ სავსეა „ბაიერნის" თამაშებზე. ბუნდესლიგის განრიგის გამოცხადებიდან ორ დღეში ყველა ადგილი გუნდის საშინაო თამაშებზე გაყიდულია ხოლმე. შესაბამისად, კლუბისთვის პრინციპში შესაძლებელი იქნებოდა უფრო ძვირადღირებული აბონენტების მაქსიმალური რაოდენობით გაყიდვა, მაგრამ აბონემენტების რიცხვი 39 ათასით შემოიფარგლება. ამით „ბაიერნი" საშუალებას აძლევს ფინანსურად ნაკლებად შეძლებულ გულშემატკივრებს, შეიძინონ ბილეთები 7,5 ევროდან მოყოლებული და ამგვარად მოახდინონ ხოლმე მაყურებელთა როტაცია გუნდის თამაშებზე.
„ბაიერნისთვის" კიდევ ერთი დამახასიათებელი მომენტია გულშემატკივრებისადმი ზედმიწევნითი გახსნილობა. მიუნხენის ზებენერ შტრასეზე, ანუ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე პრაქტიკულად ყველა ვარჯიში ღიაა პუბლიკისთვის. კარგ ამინდში და სეზონის კულმინაციურ მომენტებში ვარჯიშებზე მოსულ ქომაგთა რაოდენობა 10 ათასს აღწევს ხოლმე. ცხადია, ხალხის ამ მასის გაკონტროლება და მოთამაშეების დაცვა ფანების გადაჭარბებული ყურადღებისგან არცთუ იოლი ამოცანაა. ოღონდ, „ბაიერნში" მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაირღვეს დემოკრატიულობისა და საერთო კეთილგანწყობის ატმოსფერო. ამიტომ, დაცვის სამსახურში ძირითადად აჰყავთ არა ზორბა, ახოვანი და პირქუში პროფესიონალები, არამედ საპენსიო ასაკის, ჭაღარათმიანი ბავარიელები, რომლებიც თუმცა არა მრისხანედ, მაგრამ მტკიცედ იცავენ მოვარჯიშეთა სიმყუდროვეს.
„ბაიერნი" დიდი ოჯახია
თუკი ფეხბურთელს ოდესმე მოურგია „ბაიერნის" მაისური და კეთილსინდისიერად უშრომია გუნდის სასახელოდ, შეუძლია ჩათვალოს, რომ კლუბი არასოდეს დაივიწყებს მას. ზებენერ შტრასეზე, „ბაიერნის" მუზეუმში, პერმანენტულად ატრიალებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს, სადაც გუნდის ისტორიის სახელოვანი მომენტებია ასახული. „'ბაიერნის' ოჯახი არასოდეს მიგატოვებთ. მე ვამაყობ, რომ ახალგაზრდობიდან მოყოლებული ამ ოჯახის წევრი ვარ", გვამცნობს ეკრანიდან ჰანს-გეორგ შვარცენბეკი, მიუნხენური გიგანტის მოთამაშე 1966-81 წლებში.
ის ხალხი, ვინც უშუალოდ ორგანიგრამაში არ იმყოფება და სხვა ტიპის ბიზნესში მოღვაწეობს, მაინც „ბაიერნის" მფარველობით სარგებლობს. ხსენებული „კაჩშე" შვარცენბეკის გარდა, ესენი არიან ადი კუნსტვადლი და პეტერ კუპფერშმიდტი, რომლებიც მშობლიურ გუნდს საკუთარი წარმოების სოსისებით ამარაგებენ. მეტიც, „ბაიერნში" ყოფილ მოთამაშეთა შვილებიც კი მუშაობენ. გეორგ შვარცენბეკის ქალიშვილი ჰაიდე „ბაიერნის" იურიდიულ სამსახურში მუშაობს, ხოლო ული ჰიონესის ქალიშვილი საბინე, კლუბის მუზეუმში. საქმეში ჩაუხედავნი იტყვიან, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა და ნეპოტიზმი. მაგრამ „ბაიერნისთვის" ეს ურთიერთობა დიდი ოჯახისთვის დამახასიათებელი კავშირებია, სადაც ყველა ერთმანეთს მხარში უდგას.
„ბაიერნი" სამაგალითო ინფრასტრუქტურის კლუბია
ნახევარი საუკუნის შემდეგ, დღევანდელი ზებენერ შტრასე 51, ხუთი სავარჯიშო მოედნის გარდა, რვა ათასი კვადრატული მეტრის მოცულობის ულტრათანამედროვე შენობაა, სადაც განთავსებულია ადმინისტრაციული ოფისები, სავარჯიშო დარბაზები, სალაროები, მუზეუმი, რამდენიმე საფირმო მაღაზია, გუნდის სასადილო და გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი კაფე Paulaner Treff. ამ უკანასკნელში განსაკუთრებული მოთხოვნაა Hoeness Nurnberger-ზე, ანუ ჰოთ-დოგზე, რომლის ინგრედიენტები „ბაიერნის" მთავარი ადმინისტრატორის მიერაა შემუშავებული.
საფირმო მაღაზიებში, რომლებსაც ჰანს პფლიუგერი ხელმძღვანელობს, „ბაიერნის" ლოგოს გამოსახულებით იყიდება პრაქტიკულად ნებისმიერი საგანი, საკვერცხეებით დაწყებული და ზღაპრის ჯუჯებით დამთავრებული. პფლიუგერის თქმით, ერთადერთი რამ, რასაც ამ ბუტიკებში ვერ ნახავთ – პრეზერვატივებია. „არ გვინდა ბავარიაში შობადობის დაქვეითებას შევუწყოთ ხელი", ხუმრობს პფლიუგერი.
ცალკე თემაა „ბაიერნის" პირველი გუნდისთვის განკუთვნილი და საგანგებოდ დაცული Leistungzentrum, ტაქტიკური ანალიზისა და მომზადების 2 ათას კვ მეტრზე განლაგებული ინფრასტრუქტურა. აქ მოთამაშეებს ინდივიდუალური განყოფილებები აქვთ, სადაც დიგიტალურ ეკრანზე პოულობენ სრულ ინფორმაციას ერთკვირიანი პროგრამის შესახებ, იქნება ეს ვარჯიშების განრიგი თუ პრესასთან ან გულშემატკივრებთან შეხვედრების ნუსხა. Leistungzentrum-ში ფოტო და ვიდეოგადაღება მკაცრად აკრძალულია, თუმცა იქაურ მოწყობილობაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ გასართობი ბეიბი-ფუტიც კი კლუბის პარტნიორი Audi-ს მიერაა დამზადებული ალუმინისგან და 13 ათასი ევრო ღირს.
„ბაიერნის" სტადიონი დიდი ბიზნესცენტრიცაა
მას შემდეგ, რაც „ბაიერნმა" თანაქალაქური „მიუნხენ 1860"-ისგან აქციათა სრული წილი გამოისყიდა, ის ალიანც არენას ერთადერთი მესაკუთრეა. 2005 წელს 346 მილიონ ევროდ აგებულ სტადიონზე ბილეთების შემოსავალმა წინა სეზონში 129 მილიონი ევრო შეადგინა. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან 71-ათასიანი სტადიონი მუდამ სავსეა, ხოლო ბილეთის ფასების გამა საკმაოდ ვრცელია. თუკი ჩვეულებრივი ბილეთების ფასი ხსენებული 7,5 ევროდან იწყება, სტადიონზე განლაგებულია ასევე 106 ლოჟა, რომელთა სეზონური ქირა 150-დან 300 ათას ევრომდე მერყეობს.
აქვეა ე.წ. ბიზნესდასაჯდომები, რომლებიც შემოთავაზებული ვახშმითურთ მატჩზე 6-10 ათას ევროდ იყიდება. მაგრამ, მაღალი ფასებისდა მიუხედავად, ამ ადგილებზეც ნამდვილი ტაციაობაა. დღესდღეობით ითვლება, რომ ალიანც არენა ბავარიელი ბიზნესმენების შეხვედრათა ძირითადი ადგილია. აქ მყარდება საჭირო კონტაქტები და ხორციელდება საქმიანი გარიგებები. ყოველივედან და ევრო 2020-ის პერსპექტივიდან გამომდინარე (რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება), დაგეგმილია ალიანც არენას მომავალი გაფართოება.
„ბაიერნის" ბიზნესპარტნიორობა პრესტიჟის საკითხია
„ბაიერნის" ვეტერანი ბიზნესპარტნიორი კოკა კოლაა, რომელთან ურთიერთობაც კლუბმა ჯერ კიდევ 1968 წელს დაიწყო. საერთოდ კი, პარტნიორთა ნუსხა სამ კატეგორიად იყოფა: „ძირითადი" პარტნიორებია დოიჩე ტელეკომი და ადიდასი, რომლებმაც კლუბის აქციათა ცხრა-ცხრა პროცენტი შეიძინეს. შემდეგ მოდიან „პრემიუმები", რომელთა შორისაა ალიანცი, აუდი, ბ-ვინი, ლუფტჰანსა, პაულანერი, სამსუნგი და სხვა. და ბოლოს, „კლასიკურ" პარტნიორთა რიგში არიან ისეთი ცნობილი ფირმები, როგორებიცაა კონტინენტალი, ჰიუბლო, ნესტლე, შერატონი, ს.ოლივერი, სიმენსი და ა.შ. გასულ წელს, სპონსორინგით შემოსულმა თანხამ 82 მილიონი ევრო შეადგინა და ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან „ბაიერნის" ყოვლისშემძლე იმიჯის გამოყენება, უდავოდ მოგებიანია თავად კომპანიებისთვისაც.
„ბაიერნის" მომავალი უღრუბლო და ოპტიმისტურია
ასევე საგულისხმოა, რომ უეფას ახლებური პოლიტიკის მიხედვით, კლუბებს არ შეუძლიათ სატრანსფერო ფანჯრისას იმაზე მეტის დახარჯვა, რაც წინა სეზონში მათი გლობალური შემოსავალი იყო. 2014-15 წლების სეზონიდან მოყოლებული, თუ რომელიმე კლუბი არ დაემორჩილება ამ კანონს, მოიხსნება ევროტურნირებიდან. შესაბამისად, თუკი გასულ წელს „ბაიერნის" სახელფასო მასა 156 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც საერთო შემოსავლის მხოლოდ 47%-ია, „მანჩესტერ სიტის" მსგავსი პროპორციები 107% იყო. ამ მხრივაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ბაიერნის" პოლიტიკა შორსმჭვრეტელი და მოგებიანია.
საფეხბურთო კლუბ „ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა, რომელიც ნებისმიერი საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულებითაა ცნობილი, აღფრთოვანებას ვერ ფარავს „ბაიერნის" ხელმძღვანელობის პროფესიონალიზმის მიმართ: „უზარმაზარი პატივისცემის გრძნობით ვარ გამსჭვალული „კალესა" (რუმენიგე) და „ულისადმი" (ჰიონესი). მათ შეძლეს „ბაიერნის ოჯახის" შექმნა, რაც განუმეორებელ იდენტურობას სძენს მათ კლუბს". ფრანგი მენეჯერი მიიჩნევს, რომ გერმანული ეკონომიკის სიმძლავრის („რომელმაც ფაქტობრივად გადაუარა ევროპის სხვა ეკონომიკებს") გათვალისწინებით, მომავალ ორ-სამ წელიწადში „ბაიერნი" მსოფლიოს უმდიდრეს და უძლიერეს კლუბად იქცევა.
ეჭვგარეშეა, რომ უკანასკნელი წლების „ბაიერნის" შესაშური სპორტული წარმატებების მიზეზთა მიზეზი სწორედ იმ პრინციპებსა და იდეებშია, რომლებსაც „ბაიერნის დიდი ოჯახი" კულტივირებს.