რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პრემიერი: მეგონა სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა რუსეთთან

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერი ივანიშვილ რუსი სამხედროების მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტზე პირველ კომენტარს გაზეთ "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.

"ის რაც ხდება ძალიან არასასიამოვნო და მართალი რომ გითხრათ გაუგებარიცაა. რამეთუ მე მეგონა სხვა დამოკიდებულება განვითარდებოდა ახალ ხელისუფლებასა და რუსეთს შორის. ჩვენ არ ვაკლებდით არაფერს სიტუაციის დასალაგებლად. ჩემთვის გაუგებარია და მაქსიმალურად ვცდილობთ გავერკვიოთ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს ძალიან სამწუხაროა, მე დასკვნების და მითუმეტეს მძიმე დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის შედეგია, ამას არ ვეთანხმები. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტორიკა რომელსაც არ ვფარავთ და ისევ გავაგრძელებთ. ვცდილობთ ყველაფერი დავალაგოთ დიპლომატიით და ნორმალური გამონათქვამებით და არა ომით. რთულია, ადრეც არასდროს არ მითქვამს რომ მოვალთ და ხუთ წუთში ყველაფერს დავალაგებთ. რა თქმა უნდა სიტუაცია საიდანაც ჩვენ დავიწყეთ იყო ძალიან რთული და დღესაც არის რთული, ეს რა თქმა უნდა მარტივად ვერ დალაგდება და ჩვენ არასდროს არ გვქონია ამის ილუზია. მაშინაც კი როდესაც ოპოზიციაში ვიყავი მე არასდროს ამ საკითხს არ ვამართლებდი. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. თუ გნებავთ ეს ფაქტიც ამას ადასტურებს. მე არასდროს არ მითქვამს რომ ჩვენ მოვალთ და ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება", - განუცხადა პრემიერმა ივანიშვილმა ”პრაიმტაიმს”.

"პრაიმტაიმი" ორშაბათის ნომერში ივანიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას გამოაქვეყნებს.

კომენტარები