ხვედელიძის საქმე

დავით საყვარელიძე: გელა ხვედელიძე საზღვარგარეთ განცხრომით ცხოვრობს

www.facebook.com/davit.sakvarelidze

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე საქართველოში არ იმყოფება და საზღვარგარეთ "განცხრომით" ცხოვრობს.

"შს მინისტრის პირველი მოადგილე, ჩვენი ინფორმაციით, საზღვარგარეთ არის გაცილებული, ფინანსური რესურსიც აქვს საკმარისი და ძალიან განცხრომით ცხოვრობს, რომ ენას კბილი დააჭიროს და სხვა თემებზე არ ილაპარაკოს", - აღნიშნა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით დააკავეს. მოგვიანებით მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

საყვარელიძე საუბრობს თენგიზ გუნავას საქმის მონაწილე პოლიციელის დაწინაურებაზეც. "იმ ფონზე, როდესაც სრულიად უდანაშაულო 6 პოლიციელს სრულიად უსაფუძვლოდ აპატიმრებენ, გუნავას საქმეზე, დიდი ზარ-ზეიმით დასჯილი და გათავისუფლებული პოლიციელები დღეს წინაურდებიან. ერთ-ერთი მათგანი, რომლის სახელი და გვარი მირიან თოფურიაა და გუნავას დაკავების ოქმი შეადგინა, დღეს არის კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. აი, ეს არის თქვენი სამართლიანობის აღდგენა", - აცხადებს საყვარელიძე.

კომენტარები