ხვედელიძის საქმე

ფარესიშვილი: პროკურატურასა და ხვედელიძეს შორის გარიგება შედგა

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძისთვის ერთწლიანი პირობითი მსჯავრის დაკისრებას პროკურატურასა და ხვედელიძეს შორის გარიგებას უკავშირებს.

„ყველა ელოდებოდა, რომ პიროვნებას, რომელიც შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო, სასჯელს მიუსჯიდნენ, რათა ეს სამაგალითო ყოფილიყო. საინტერესო ისაა, რომ პროკურატურას ჩემ მიერ მიწოდებული მასალები ჰქონდა, რომლის თანახმად, ამ დანაშაულში არა მხოლოდ გელა ხვედელიძე, სხვა პიროვნებებიც იყვნენ გარეული. შეიძლება ვთქვა, რომ პროცესი პროკურატურასა და ხვედელიძეს შორის გარიგებით დამთავრდა. გელა ხვედელიძეს შეეძლო, დაესახელებინა სხვა პიროვნებები, რომლებმაც მასთან ერთად დანაშაული ჩაიდინეს. თუმცა, ეს ხელისუფლებას არ აწყობდა, რადგან ეს პიროვნებები ლაშა ნაცვლიშვილი და ნუგზარ ფოფხაძე არიან. ლაშა ნაცვლიშვილის შესახებ პროკურატურისთვის კონკრეტული ფაქტები არ გადამიცია, ხოლო ხვედელიძისა და ნუგზარ ფოფხაძის შესახებ პროკურატურას კონკრეტული ფაქტები გადავეცი. თუმცა, ნუგზარ ფოფხაძე ხვედელიძისგან განსხვავებით არც კი დაკითხულა. საკითხავია, ხელისუფლება და პროკურატურა ნუგზარ ფოფხაძეს ხელს რატომ აფარებენ", - აღნიშნავს ფარესიშვილი.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ დოლიძე ტაბულასთან საუბარში ყველანაირ გარიგებას უარყოფს. „სასამართლო პროცესზე ფაქტები და მასალები იყო წარმოდგენილი. გარიგება რომ ყოფილიყო, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში არ გაასაჩივრებდა", - ამბობს თეიმურაზ დოლიძე.

შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით გასული წლის მაისში წაუყენეს. ბრალდება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მინისტრის პირველი მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 12 მაისს დააკავა. 15 მაისს კი, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოგვიანებით, მას პროკურატურამ ქვეყნის დროებით დატოვების უფლებაც მისცა.

თავდაპირველად, გელა ხვედელიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმებოდა, შემდეგ კი, პოზიცია შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი მოადგილის დასჯა სამაგალითო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ძალიან კარგი პრეცედენტია.

კომენტარები