სირიის კონფლიქტი

სირიის ოპოზიცია: ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

Reuters

სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. როგორც სტამბოლში ოპოზიციის ეროვნული კოალიციის სპიკერმა ხალედ სალეჰმა განაცხადა, დამასკოს მახლობლად სამთავრობო ძალებმა მომწამლავი აირი ზარინი გამოიყენეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და ორასზე მეტი დაშავდა.

ცნობები ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ რამდენიმე კვირაა ვრცელდება, თუმცა ამ ფაქტების დოკუმენტურად დადასტურება აქამდე ვერ მოხერხდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფაქტების შესწავლას აწარმოებს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადასტურდა, სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღებას არ გამორიცხავს.

27 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეკრიბნენ, მინისტერიალის მთავარი თემა სირიისთვის შეიარაღებაზე ემბარგოს საკითხია. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იარაღის ემბარგოს შემსუბუქებას მოითხოვენ, რათა სირიელი აჯანყებულებისთვის შეიარაღების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. ამ წინადადების წინააღმდეგ ავსტრია, ჩეხეთი, ფინეთი და შვედეთი გამოდიან.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, თუ ევროკავშირი სამომავლოდ საერთო პოზიციაზე ვერ შეთანხმდა, ყველა ქვეყანაც უფლება ექნება სანქციები ცალკე დააწესოს. "ჩვენ შეხების წერტილები უნდა ვეძებოთ, რადგან უკეთესია, საერთო პოლიტიკა გვქონდეს", - განაცხადა ჰეიგმა.  

თავის მხრივ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიქაელ შპინდელეგერმა განაცხადა, რომ ევროკაშირის პოზიცია არ უნდა შეიცვალოს. "ჩვენ არ ვიყავით არცერთ მხარეს იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ მშვიდობიანი გაერთიანება ვართ და ასეთად უნდა დავრჩეთ. ჩვენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგები ვართ ადამიანის უფლებების შელახვის გამო. მაგრამ, იარაღის მიწოდება მრავალწლიანი ევროპული პოლიტიკის შეცვლა იქნებოდა", - განაცხადა დიპლომატმა.

თუ ევროკავშირი საერთო პოზიციაზე ვერ შეთანხმდა, გაერთიანება დამასკოს რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების რეჟიმს ვეღარ გააგრძელებს, რადგან მოქმედ შეზღუდვებს ვადა 1 ივნისს ეწურება.

 

კომენტარები