ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, მათი პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელეს. განცხადების ტექსტი მედიის წარმომადგენლებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააცნო.
"ძირითადი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ყოფილი პრემირმინისტრის და ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის ვანო მერაბიშვილის დაკავება, ნათლად წარმოაჩენს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის არაერთგზის ღიად გამოცხადებულ განზრახვას, ძალისმიერი მეთოდებით გაანადგუროს ოპოზიცია.
ოპოზიციის განადგურების ეს კამპანია შენიღბულია ე.წ. სამართლიანობის აღდგენით და სინამდვილეში წარმოადგენს შერჩევითი სამართლის და პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკურ ნიმუშს. ეს ნაბიჯი ახალ, მძიმე პოლიტიკურ რეალობას ქმნის ქვეყანაში და დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც ცივილიზებული, ევროპული ქვეყნის იმიჯს.
სამწუხაროაო, რომ მთავრობა უგულებელყოფს ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გაიზარდა უმუშევრობა, ჩვენს ქუჩებში კვლავ დაბრუნდა კრიმინალი, სამთავრობო წრეებში მძლავრობს კორუფცია. ამასთან, სეროზული საფრთხე შეექმნა ქვეყნის დასავლურ არჩევანს",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამეტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან ითანამშრომლოს ქვეყნის განვითარებაზე, მთავრობა ოპოზიციის დევნითაა დაკავებული.
"ამის მიზანია, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტების შევიწროება, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. გარდა ამისა, ეს დაკავება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, აკავებენ პოლიციის რეფორმის ავტორს და კრიმინალთან მთავარ მებრძოლს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის დაკავება ადამიანური თვალსაზრისით მძიმე დარტყმაა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არათუ შეწყვეტს, არამედ კიდევ უფრო დიდი შემართებით შეებრძოლება საქართველოს მთავრობის უგუნურ, ქვეყნისთვის დამღუპველ პოლიტიკას", - განაცხადა ბაქრაძემ.





