ვანო მერაბიშვილის საქმე

უგულავა: ჩვენ ბევრად მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია და ციხე იმასთან შედარებით არაფერია

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ. იგი დღეს, 23 მაისს, გამთენიისას დაბრუნდა საქართველოში.

"პირველ ოქტომბერს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ სრულად ძალაუფლება გადააბარა ახლადარჩეულ გამარჯვებულ პარტიას, ამით საქართველოში შეიქმნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი იმისა, რომ ხელისუფლება თავისუფალი და კონკურენტული გზით გადაეცა ერთი პარტიიდან მეორე პარტიას და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რატომ ვამბობ ახლა ამას, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც სულ მალე თაფლობის თვე დაუმთავრდება და რეალური კრიზისები დაუდგება წინ, ისევე როგორც ყველა მომდევნო ხელისუფლება, ეცოდინება რა, რომ თავისუფალი, სამართლიანი ტრანზიციის, ანუ ძალაუფლების გადაცემის შემდეგ იქნება ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მსხვერპლი. ამ სამართლიანობის აღდგენას თავში ჩაუდგება ლაშა ნაცვლიშვილი, ნანა კაკაბაძე და ახლა საერთოდ თენგიზ კიტოვანიც დაემატა, ბუნებრივად მოეპოტინება, ჩაებღაუჭება ძალაუფლებას ხელში და შეეცდება არ გაუშვას ძალაუფლება ხელიდან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევალთ სპირალში, რომელიც ქვეყანას კარგს აღარაფერს მოუტანს, ამიტომ ამ კუთხით უნდა დაფიქრდეს მთავრობა, რადგან ამით ქვეყნის მომავალს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს", - აცხადებს უგულავა.

თბილისის მერის თქმით, არავინ აპირებს პასუხისმგებლობას გაექცეს და მიიმალოს:

"ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩამომსვლელთა დარბაზში, არავინ არსად არ წასულა, სხვათა შორის, ამ ამბებთან დაკავშირებით გამახსენდა ბატონ ივანიშვილის ინტერვიუ თუ არ ვცდები შუბლაძესთან, სადაც მან ძალიან საინტერესო რამ ახსენა, რომ ვისაც ჭკუა ჰქონდა, გაიქცა, მან ასეთი ფრაზა იხმარა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ დღემდე არ დატოვა ბატონმა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა, უფრო სწორედ შეაჩერა გამოცვლის პროცედურა. რატომღაც არავინ არ დაინტერესებულა, რატომ არ აიღო საქართველოს მოქალაქეობა, როდესაც იქ ის რვა თვეა პრემიერმინისტრია - იმიტომ, რომ მაგ ადამიანსაც აქვს ეგ ფსიქიკა, რომელიც ორიენტირებულია გაქცევაზე. ჩამომსვლელთა დარბაზში ვართ, ჩამოვედი, ყველა ჩამოვა, ვინც საჭიროა და თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე, დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა იქნება, ზეგ შეიძლება მეც ვიყო, შემდეგ კიდევ ვიღაც სხვა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია ამ წლების განმავლობაში და, შესაბამისად, ციხე იმასთან შედარებით არაფერი არ არის, ასე რომ, ტყუილად თავს ნუ დაიღლიან და რეალური პრობლემების მოგვარებისკენ მინდა მოვუწოდო, იმიტომ რომ დღითი დღე ჩვენს ქვეყანაში პრობლემები მრავლდება და, სამწუხაროდ, კაციშვილი პატრონი არ ჩანს", - აღნიშნა უგულავამ.

კომენტარები