განცხადება

საპატრიარქო: ძალადობას გამართლება არ აქვს

news.ge

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის მიერ დაგეგმილ აქციას საპატრიარქო პროვოკაციად აფასებს.

"ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული, მუსლიმური და სხვა ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქმება, რაც მათ სამართლიან პროტესტს იწვევს. მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა არაფერს გაუწიეს ანგარიში და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებასთან და ტრადიციებთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს კი დამატებით გამაღიზიანებელ, მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა", - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას, თუმცა ეკლესიას ადამიანი უყვარს და ისევ ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარე ებრძვის ცოდვას, მისი სულის გადასარჩენად. "უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არა სასულიერო პირების და პოლიციელების თავდადებული ქმედება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, ძალადობას გამართლება არ აქვს და სამწუხაროა, რომ აგრესიულ ქმედებებს მღვდლებიც ჩადიოდნენ. "საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და ჩვენის მხრიდანაც მივიღებთ სათანადო ზომებს", - აღნიშნა საპატრიარქოს მდივანმა, რომელმაც საპატრიარქოს განცხადება ჟურნალისტებს გააცნო.

საპატრიარქოს შეფასებით, ერთეულმა მოძალადე ადამიანებმა მთელ ეკლესიას მიაყენეს ზიანი, თუმცა რომ არა თავდადებული სასულიერო პირები და პოლიციელები, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა.

კომენტარები