მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

გაბაიძე: მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი პროცედურული დარღვევებით დააკავეს

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა. მისი თქმით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი მოსამართლის განჩინების გარეშე დააკავეს.

"განჩინების გარეშე დაკავებისას უნდა დასახელდეს არგუმენტი, რა წარმოადგენს დაკავების აუცილებლობას. ზურაბ ჭიაბერაშვილის შემთხვევაში დასახელდა კურიოზული არგუმენტი და გადაუდებელ აუცილებლობად მითითებულია ფაქტი, რომ ის იყო ელჩი და მას აქვს პირადი კონტაქტები. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მისი დაკავების საფუძვლად დაკავების ოქმში მითითებულია ის, რომ მერაბიშვილი ავტორიტეტული პიროვნებაა და მის მოსაზრებას ხალხი პატივს სცემს. მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა ელჩს, რომ თურმე მათი ელჩობა დანაშაულია და ახალი ხელისუფლების მხრიდან ეს შეიძლება დამამძიმებელ გარემოებად იქნას მიჩნეული", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ. 

გოგიტა გაბაიძე, ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და აცხადებს, რომ ისინი, როგორც მთავრობის ყოფილი წევრები, ბრალდებულებად იუსტიციის მინისტრს უნდა ეცნო და არა პროკურორს. 

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში დღეს ჩატარდება. 

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს პროკურატურამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. 

კომენტარები