პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავით ზალკალიანს პასუხობს

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ადმინისტრაციას საგარეო ვიზიტების არაკოორდინირებულობაში ადანაშაულებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

"იძულებული ვართ, გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის მეტად "საინტერესო" განცხადებებს, რომლებშიც მან პრეზიდენტისა და საგარო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებულობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ვიდრე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებდა, კარგი იქნებოდა, მინისტრის მოადგილეს ფაქტები ერთმანეთთან შეეჯერებინა. თავისთავად, სამარცხვინოა, როდესაც საგარეო უწყება, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს აქტიურად ეხმარებოდეს საგარეო ვიზიტების წარმატებით განხორციელებაში, არა მარტო პასიურობს, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და საკუთარ არათანმიმდევრულობას პრეზიდენტის ადმინისტრაციას აბრალებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის წინა ვიზიტის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ დარჩიაშვილი ესწრებოდა, ხოლო "თავად ელჩი არჩილ გეგეშიძე, იმ პერიოდში არც კი იმყოფებოდა ამერიკაში".

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ბოლო ვიზიტისას, საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შეხვედრებზე დასწრებაზე უარი განუცხადა. 

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, მას შეხვდა საქართველოს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე და შესთავაზა, რომ მიიღებდა მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელიც პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი. მან პრეზიდენტისგან უარი მიიღო, რომ საელჩოს დასწრება არ სჭირდებოდა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

კომენტარები