17 მაისის აქცია

”იდენტობა”: მიუხედავად დაპირებისა, შსს-მ არ მიიღო სათანადო ზომები

bastique / flickr

ორგანიზაცია ”იდენტობა” 17 მაისის მოვლენებს აფასებს. მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება ძალადობისა და სიძულვილის, მასობრივი უკანონობის და ადამიანების ფუნდამენტურ უფლებათა უპატივცემულობის გამოვლინებად იქცა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის მშვიდობიანად დაწყებისა და დასრულების უზრუნველსაყოფად.

”აქციის მოსამზადებელ პერიოდში არსებობდა დასაბუთებული ინფორმაცია მოძალადეთა ჯგუფების მობილიზების შესახებ. ამის შესახებ „იდენტობა", სახალხო დამცველი და დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები წერილობით, მედიით და პირადად ატყობინებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს. „იდენტობა", „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", „ლგბტ საქართველო" და „ქალთა ფონდი საქართველოში" რამდენჯერმე შეხვდა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკანასკნელ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩნოსანმა განაცხადა, რომ პოლიცია არა მხოლოდ მობილიზებული იყო, არამედ სპეციალური შტაბიც კი იყო შექმნილი. მათ მრავალჯერადად დაგვარწმუნეს, რომ აქციის შედგებოდა და ისინი უზრუნველყოფდნენ მონაწილეთა მშვიდობიან შეკრებას, აქციის ჩატარებას და ორგანიზებულ დაშლას. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, შეთანხმდა აქციის ადგილი და დრო” - ვკითხულობთ განცხადებაში.

„იდენტობას" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ სამართალდამცავებთან და ყველა შესაძლო დეტალი შეთანხმებული იყო, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. ”მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციას სათანადო ზომები არ მიუღია: ადგილზე არ იყო მობილიზებული პოლიციელთა სათანადო რაოდენობა, ისინი არ იყვნენ აღჭურვილნი ძალადობის შესაკავებლად. მათ არ გამოიყენეს ასეთი შემთხვევებისთვის კანონით გათვალისწინებული არცერთი საშუალება. პოლიციამ, აქციის მონაწილეთა მხოლოდ გარკვეული ნაწილის ევაკუაცია მოახერხა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კონტრდემონსტრანტებმა და სასულიერო პირებმა მოახერხეს ავტობუსებზე თავდასხმა და მონაწილეთა ფიზიკური დაზიანება. კონტრდემონსტრანტთა მიერ თბილისის ქუჩებში ახლაც აქვს ადგილი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, სიძულვილისკენ მოწოდებას და აქციის პოტენციური მონაწილეების ძალადობრივ დევნას, თუმცა კანონგარეშე ქმედების აღკვეთა არ ხდება. განზრახულია „იდენტობას" ოფისის დარბევა”- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ისინი მიუთითებენ, რომ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორების, მონაწილეების, მათ შორის სასულიერო პირების, მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველმა და პროცესის დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა. ”იდენტობა” ხელისუფლებისგან ითხოვს დანაშაულის აღკვეთას, დამნაშავეების დაკავებასა და გამოძიების დაწყებას მათი თანამშრომლებისა, თუ აქციის სხვა მონაწილეების მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით.

კომენტარები