ჩვენ არ შევურიგდებით სხვათა უფლებების შეზღუდვას და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება, - ნათქვამია პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ინგლისურენოვან საიტზე გამოქვეყნდა. განცხადება ქართულენოვან საიტზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
"მშვიდობიანად შეკრების და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს ყველა მოქალაქე სრულად და თანაბრად სარგებლობს ამ უფლებით. ჩვენ არ შევურიგდებით ძალადობას, დისკრიმინაციას და სხვათა უფლებათა შეზღუდვას და ამ დანაშაულების ყველა ჩამდენს კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, რუსთაველზე 2000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა პოლიცია ვერ გაუმკლავდა მართლმადიდებელი აქტივისტების დიდ რაოდენობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლგბტ უფლებადამცველები რუსთაველზე ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. თუმცა მართლმადიდებელმა აქტივისტებმა სასულიერო პირებთან ერთად აქცია ძალადობრივად ჩაშალეს.





