17 მაისის აქცია - შეფასებები

ომბუდსმენი: აქცია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან

facebook.com/UchaNanuashvili


საქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დააკავონ დამნაშავეები და აღადგინონ საზოგადოებრივი წესრიგი, რადგან აქცია, რომელიც არ დაშლილა, უკვე გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან.

"საქართველოს კანონის შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ თანახმად, როცა ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას ან ხდება კანონის მოთხოვნათა მასიურად დარღვევა, შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. შესაბამისად, შსს-მ სასწრაფოდ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მხრიდან ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

აქცია უკვე გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და პოლიციამ უნდა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება, რომ მოხდეს დამნაშავეთა დაკავება და შესაბამისი რეაგირება. პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს მათ შორის ადეკვატური ძალა იმისათვის, რომ მოახდინოს მათ შორის დაკავება და სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ შსს-მ, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლო სათანადო ღონისძიებების გატარება, რომლის უზრუნველყოფდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების აქციის ჩატარებას.

"მიუხედავად იმისა, რომ შსს რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო, რომ ერთი და იგივე ადგილზე უნდა გამართულიყო პარალელური აქცია, ასევე მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ლგბტ და მათი მხარდამჭერ ორგანიზაციებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებისთანავე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, პოლიციამ ვერ შეძლო კორდონის შენარჩუნება", - აცხადებს ომბუდსმენი.

"გავრცელებული კადრებიდან აშკარაა, რომ პარალელური აქციის მონაწილეები, მათ შორის სასულიერო პირები, იმთავითვე იყვნენ აგრესიულად განწყობილნი, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს, მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმისა და სიძულვილის გამოვლინებას.

აშკარაა, რომ პარალელური აქცია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან. მეტიც, მისი მონაწილეები აშკარა აგრესიით გამოირჩეოდნენ სახალხო დამცველის მიმართ და რომ არა სამართლადამცავების სათანადო ძალისხმევა, ჩემს უსაფრთხოებასაც შესაძლოა შექმნოდა საფრთხე", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა 17 ადამიანი, 12 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის სამი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. დაშავებულთა შორის ერთი ჟურნალისტიცაა.

კომენტარები