17 მაისის აქცია - შეფასებები

საგანელიძე 17 მაისის შესახებ: საბოდიშო არაფერი მაქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე 17 მაისის მოვლენების შესახებ საკუთარ განცხადებაში საბოდიშოს ვერაფერს ხედავს.

"მე ძალიან დაძაბულმა და აღშფოთებულმა ვთქვი: ეს ორგანიზაცია წავიდეს სახლში, დაანებოს დროშების ფრიალს თავი, თუ ინტერესები აქვს, სხვაგან ჩაატარონ, სხვა სიტუაციაში-მეთქი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მეორე დღეს მას პრემიერთან ჰქონდა შეხვედრა, რომელზეც ივანიშვილმა მისი განცხადების ტონის გამო უსაყვედურა. "მე ავუხსენი ვითარება და მან მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამას საზოგადოებას ვეტყოდი. იმავე საღამოს ვთქვი, რომ მე ვარ ყველანაირი ადამიანის უფლების დამცველი. ადამიანებს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, ადამიანს რაც უნდა ის უკეთებია. მაგრამ ადამიანი ნუ შემოდის ჩემი ცხოვრების წესში, ნუ ახდენს ზემოქმედებას ჩემს შვილებზე... ჩემს გარდა ნურავინ ნუ მოახდენს ჩემს შვილებზე ზეგავლენას... იცხოვრე შენი წესებით, ღმერთმა გაგიმარჯოს, კარგად იყავი. არავინ არაფერს არ გიშლის. მაგრამ თუ  ხედავ, რომ ასეთი სიტუაციაა, გაეცალე ცოტა ხანი, რადგან შენს ამ ქმედებას შეიძლება სერიოზული დაპირისპირება მოჰყვეს და უმართავ სიტუაციაში გადავიდეს", - განაცხადა საგანელიძემ. 

"მე საბოდიშოს ვერც ახლა ვხედავ, რა მაქვს საბოდიშო?", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 17 მაისს ჰომოფიბიის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევის თაობაზე საგანელიძის განცხადება არაკორექტული იყო და ამის გამო დეპუტატმა მისგან შენიშვნა მიიღო.

საგანელიძემ მაშინ თავს განცხადებაში პასუხისგებლობა მომხდარზე ლგბტ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს დააკისრა.

"გამოთქმაა ხომ ასეთი - "არ ასვენებთ მაგათ გამჩენი". წავიდნენ სადღაც, მოტრიალდებიან კიდევ სადღაც, სხვაგან გამოყოფენ ცხვირს იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტად დაძაბონ სიტუაცია და რაც შეიძლება მეტად მოახდინონ პროვოცირება. ეგ უნდათ მაგათ, მეტი კი არაფერი. ეგ უნდათ მაგათ და მაგათ დამკვეთებს, ვინც ფულს უხდის, ვინც მათ აქეზებს, მაგათ სხვა თავმოყვარეობა არა აქვთ. ფულის გამო ნებისმიერ რამეს გაყიდიან, სხეულსაც, თავმოყვარეობასაც და საქციელსაც", - განაცხადა საგანელიძემ 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებზე საუბრისას. როგორც მაშინ უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, "მე ჩემი ცხოვრების წესი მაქვს, ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი ვარ, არავის ცხოვრებაში არ ვერევი და ერთი რამ ვიცი, რომ ყველას აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას და პოზიცია დააფიქსიროს. დღეს მომხდარზე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათ, ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო, არხეინად რომ ისხდნენ ავტობუსებში".

კომენტარები