17 მაისის აქცია

გიგნაძე: 17 მაისის უკან სერიოზული ლობისტები და ფინანსები დგას

17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას სასულიერო პირები ეხმაურებიან. პირველი რადიოს რადიოკლუბში განცხადება ჯვრისამაღლების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ თემის პროპაგანდა არ უნდა მოხდეს.

"ვთვლით, რომ ეს არის ცოდვა, ავადმყოფობა და არაბუნებრივი მდგომარეობა", - ამბობს გიგნაძე.

მისი განმარტებით, 17 მაისის აქციაში მონაწილეობას სამღვდელოებაც მიიღებს და რუსთაველის გამზირზე ფილარმონიიდან მსვლელობით მივლენ. დეკანოზი თეოდორე ამბობს, რომ სასულიერო პირები ორი საწინააღმდეგო აქციის მონაწილებს შორის ჩადგებიან და შეეცდებიან დაპირისპირება თავიდან აიცილონ. 

"ჩვენ საერთო საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სიკეთემდე მივიყვანოთ. მე ვერ ვიჯერებ, რომ მათ ვინმე დევნის. ხალხი საუბრობს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები თანამდებობებზე არიან, მათ არავინ რიცხავთ სასწავლებლიდან, არავინ არ უშლის ხელს კარიერულ წინსვლაში. მე არ მახსენდება, რომ ვინმე დაიჩაგრა საკუთარი ორიენტაციის გამო საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფაქტმა ხალხის აღშფოთება გამოიწვია და ამ აქციის საწინააღმდეგო აქცია დაიგეგმა, ჩვენ, სასულიერო პირებმა გადავწყვიტეთ რუსთაველის გამზირზე გავიდეთ. ჩვენ არ წავუყრუებთ ამ პრობლემას და ერთგვარ ბუფერულ ზონას გავაკეთებთ აქციის მონაწილეებს და იმ ხალხს შორის, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული აგრესია გამოავლინონ. ხშირად ამბობენ, რომ ხომ არ ჯობდეს წავუყრუოთ ამ ყველაფერს, მაგრამ მე ვიტყოდი - მათ რომ ვინმე დევნიდეს, მე ვეცდები ისინი დავიფარო, თუ ამას შეინანებენ. რომ იყვნენ მხოლოდ მცირე ადამიანთა ჯგუფი, მაშინ შეიძლებოდა წაყრუება, მაგრამ ამ ადამიანების უკან სერიოზული ლობისტები და ფინანსები დგას, რომელთა მიზანი ის კი არ არის, მოვიდნენ და პატარა სიტყვა თქვან, არამედ ყველაფერი დაიწყონ ისე და განავითარონ ეს საქმე, როგორ მთელ რიგ ქვეყნებშია", - განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ. 

 

კომენტარები