საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქი ხელისუფლებისგან 17 მაისის აქციის ნებართვის გაუქმებას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებას ავრცელებს. პატრიარქი საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას მიმართავს და მათ 17 მაისს აქციის გამართვისთვის გაცემული ნებართვის გაუქმებას სთხოვს. 

"ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად ასეთი შეკრებების მიმართ. ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და ზოგადად აზროვნების წესის შეურაცხყოფას. ვფიქრობ, მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვლისწინონ ეს და გააუქმონ ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციზე, მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა მოყვასისთვის თავგანწირული ვაჟკაცებისა. შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვის მიზნით, შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება", - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება აუცილებელი არაა. აქციის ორგანიზატორები ვალდებულები არიან გააფრთხილონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტი, თუ შეკრება ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება. 

 17 მაისს პარლამენტის შენობის წინ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნება. 

 

 

კომენტარები