აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

2 ივნისს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება

2 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. პრაიმ ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გაითვალისწინოს გაეროს გლობალური კომისიის რეკომენდაცია, რომელიც გაეროს წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციისკენ. აქციის საინიციატივო ჯგუფში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, მათ შორის: მიშა მშვილდაძე, ანინა ტეფნაძე, ვახტანგ მოსიაშვილი, ირაკლი საღინაძე, დავით კოვზირიძე და სხვები, სულ ათი პიროვნება. პრესკონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მათი აზრით, დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში და გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა შეიძლება შეფარდებული იქნას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარების გამო. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლექსო მაჭავარიანის განცხადებით, აქცია არ ისახავს მიზნად მარიხუანის ან მისი მოხმარების პოპულარიზაციას. აქციის მონაწილეთა მიზანია სოლიდარობის გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე იხდიან სასჯელს ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოიხმარდნენ მარიხუანას და სახელმწიფოს მიერ ამ მიზეზის გამო საკუთარი მოქალაქეების დევნის შეწყვეტის მოთხოვნა. "ჩვენ მივესალმებით იმ პოზიტიურ სიგნალებს, რომლებიც მოდის ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ველით, რომ აღარ მოხდება მარიხუანის მომხმარებელთა მიმართ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს", - განაცხადა მაჭავარიანმა. 

"დღეისთვის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე ვადით, მოხმარება კი ფულადი ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით. მაშინ, როდესაც იმავე სისხლის სამართლის კოდექსით, გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით, ძარცვა - თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით, ხოლო ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება - თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე, დამეთანხმებით ალბათ, რომ მსგავსი კანონმდებლობა არაადეკვატურია. მარიხუანის მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია", - განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, იურისტმა ვახტანგ მოსიაშვილმა

ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე, ამ დროისთვის აქციაში მონაწილეობის სურვილი 10 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა. ორგანიზატორების თქმით, ისინი კანონით დადგენილი წესით მიმართავენ ქალაქის მერიას, რათა საჭიროების შემთხვევაში, აქციის დროს ჰქონდეთ გზის გადაკეტვის უფლება.

კომენტარები